07 სექტემბერი 2026,   23:23
ვრცლად
ეროვნულ გალერეაში ნინო ლორთქიფანიძის რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეა სიურრეალისტი მხატვრის, ნინო ლორთქიფანიძის, მასშტაბურ რეტროსპექტულ გამოფენას მასპინძლობს. ხელოვანის ამ მასშტაბის რეტროსპექტული გამოფენა საქართველოში პირველად გაიხსნა. ის აერთიანებს მხატვრის უაღრესად საინტერესო და შთამბეჭდავ ნამუშევრებს.

"ნინო ლორთქიფანიძის შემოქმედებაში გამორჩეულად იგრძნობა არქიტექტურის სივრცული აზროვნება. მის ფერწერას ახასიათებს სივრცის ახლებური აღქმა, გეომეტრიული კანონების რღვევა, უჩვეულო რაკურსები, სარკისებური სიბრტყეები. მისი ნამუშევრების უდიდეს წილს შეადგენს პეიზაჟი, ნატიურმორტი, კომპოზიციები, რომლებშიც ავტორი შორდება მატერიალურ ფორმას და გადმოსცემს შინაგანი სამყაროს განცდებსა და ირაციონალურ განწყობას.

მხატვრის ორი ნამუშევარი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეასა და ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმს ნინო ლორთქიფანიძის დამ, ქალბატონმა რუსუდანმა, საჩუქრად გადასცა. ამასთან, კულტურის სამინისტროს კონკურსის "კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა“ ფარგლებში, 2023 წელს, ნინო ლორთქიფანიძის შემოქმედების ამსახველი ორენოვანი კატალოგი გამოიცა. მისი პრეზენტაცია კი შედგა საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმში, სადაც მხატვრის გარდაცვალების შემდეგ, მისი პირველი გამოფენა გაიმართა", - აცხადებენ უწყებაში. 

გამოფენის ნახვა დამთვალიერებელს 29 აგვისტოს ჩათვლით შეეძლება.

დღის ამბები