პროტესტი გრძელდება - რუსთაველის გამზირზე შეკრებილები ხელისუფლებას ისევ მოუწოდებენ, არ აქციოს კანონად "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ ინიციატივა.
სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობით დაახლოებით ორი საათის წინ მივიდნენ. ისინი ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოს წინ რჩებიან, პერიოდულად არის სიტყვით გამოსვლები. სავარაუდოდ, დღესვე სხვადასხვა ლოკაციებზე მსვლელობები მოეწყობა.
პროტესტი მშვიდობიანად მიმდინარეობს და ადგილზე სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზება არ შეინიშნება.
მსვლელობის მონაწილეები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას აპროტესტებენ. აღნიშნული კანონი მესამე მოსმენით საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს პლენარულ სხდომაზე მიიღო.