12 სექტემბერი 2026,   00:15
ვრცლად
რატომ არ დაიდგამს ნორვეგიის ახალი მეფე ჰოკონი მამის მსგავსად 1.5-კილოგრამიან გვირგვინს

9 სექტემბერს ნორვეგიის მეფე ჰოკონმა მამამისი, მეფე ჰარალდი, სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიაზე უკანასკნელ გზაზე გააცილა. 89 წლის მეფე 28 აგვისტოს გარდაიცვალა და 35-წლიანი მმართველობის შემდეგ ნორვეგიის ტახტი მემკვიდრეს დაუტოვა.

მეფე ჰარალდი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო წლებში არაერთხელ გამხდარა საზოგადოების ყურადღების საგანი. მონარქს იშვიათი სისხლის დაავადება, ჰემოლიზური ანემია ჰქონდა, რომლის გართულებებიც საბოლოოდ ფატალური აღმოჩნდა.

ოსლოს საკათედრო ტაძარში გამართულ სამგლოვიარო ცერემონიაზე მეფე ჰოკონს ნორვეგიის არმიის გენერლის სამხედრო ფორმა ეცვა, რომელსაც სამეფო ორდენები და სამხედრო მედლები ამშვენებდა.

მეფე ჰარალდის გარდაცვალების შემდეგ ნორვეგიის საზოგადოებაში ყურადღება, ბუნებრივია, ახალი მონარქის ოფიციალურ დამტკიცებასა და სამეფო ცერემონიებს მიეპყრო. თუმცა, გაერთიანებული სამეფოსგან განსხვავებით, სადაც მეფე ჩარლზ III-ის ტახტზე ასვლას გრანდიოზული კორონაციის ცერემონია მოჰყვა, ნორვეგიის ახალი მეფის კორონაცია არ გაიმართება.

53 წლის ჰოკონი ტახტზე მეუღლესთან, დედოფალ მეტე-მარიტთან ერთად ავიდა და მეფობის დასაწყისს ტრადიციული კორონაციის გარეშე შეხვდება.

რატომ არ ტარდება ნორვეგიაში კორონაცია?

ნორვეგიაში მონარქის კორონაციის ტრადიცია მე-20 საუკუნის დასაწყისში გაუქმდა.

1814 წლის კონსტიტუციის თანახმად, ნორვეგიის მეფის კორონაცია ნიდაროსის საკათედრო ტაძარში, ტრონდჰეიმში უნდა ჩატარებულიყო. ეს ტრადიცია უკანასკნელად მეფე ჰოკონ VII-მ და დედოფალმა მოდმა შეასრულეს 1906 წელს.

ორი წლის შემდეგ, 1908 წელს, ნორვეგიის პარლამენტმა კორონაციის შესახებ კონსტიტუციური ჩანაწერი გააუქმა. გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ კორონაცია მოძველებულ და არადემოკრატიულ მონარქიულ რიტუალად მიიჩნიეს.

ცნობილია ისიც, რომ 1818 წელს შვედი ოქრომჭედლის მიერ შექმნილი, 20-კარატიანი ოქროს გვირგვინი 1.5 კილოგრამს იწონის (ბრიტანულ საიმპერატორო გვირგვინზე დაახლოებით 40%-ით მძიმეა), რაც მის ტარებას უკიდურესად მოუხერხებელს ხდის.

რეგალიას 6.3-სანტიმეტრიანი, ბრაზილიური მწვანე ტურმალინი ამშვენებს, რომლის სავარაუდო წონა 300-400 კარატია.

ამპირის სტილის გვირგვინი, ბრიტანული ალმასებით გაფორმებული რეგალიისგან განსხვავებით, უხვადაა შემკული ფერადი ქვებით - ამეთვისტოებით, ტოპაზით, ლალით, ზურმუხტითა და მარგალიტებით.

 

ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები