ულტიმატუმის ენით საუბარი პარლამენტის თავმჯდომარისთვის ევრობიუროკრატიის მანკიერი მხარის დემონსტრირება და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოების აკრძალვის მცდელობაა. შალვა პაპუაშვილის თქმით, არაწევრი სახელმწიფოების მისამართით მარტა კოსის მოწოდება, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის პოლიტიკურ მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, ევროპული საგარეო პოლიტიკის არაკვალიფიციურობას ადასტურებს.
გაფართოების საკითხებში ევროკომისრისთვის ევროკავშირში გაწევრიანება ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკურ მოძრაობასთან ურთიერთობის გაწყვეტაზე გადის. მარტა კოსისთვის რისკია იმ სახელმწიფოებთან სამომავლო კავშირი, რომლებიც, მისივე შეფასებით, ტრამპის იდეოლოგიას იზიარებენ, რადგან თვლის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ევროკავშირის ინტერესების საწინააღმდეგოდ იმუშავებს. ევროპელი პოლიტიკოსის მიდგომა სახელისუფლებო გუნდისთვის ლუსტრაციაა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ კოსი ევრობიუროკრატიის პოზიციას გამოხატავს.
ქართული ოპოზიციის ნაწილი ევროკომისარს ვითარების მეტად გააზრებას და რეალობის აღქმას ურჩევს. პოლიტიკურ პარტიებს მიაჩნიათ, რომ ევროპასა და ამერიკას შორის ურთიერთობის დაძაბვას გავლენა ბევრი მიმართულებით ექნება.
მმართველი გუნდისთვის წინაპირობებით საუბრის მიზანი კანდიდატ ქვეყნებზე ზეგავლენის მოხდენაა. საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში მიაჩნიათ, რომ ევრობიუროკრატის განცხადება ევროკავშირის არა წევრი ქვეყნების მიმართ მავნებლურია.
სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ევრობიუროკრატების ნაწილის პოზიციები და მიდგომები მიზანმიმართულად ანგრევს ევროკავშირის იდეას და შეგნებულად აზიანებს ევროპული გაერთიანების პრინციპების.