კორუფციის ბრალდებით დაკავებული პირების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. საგამოძიებო უწყებამ, გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილ მოადგილესა და ამავე ცენტრის ორ ყოფილ მენეჯერს ბრალი უკვე წარუდგინა.
გამოძიების ინფორმაციით, სამივე დაკავებული გარიგებაში იყო შესული "ევექსის ჰოსპიტლებთან", რომელიც ახლა გადასულია სააქციო საზოგადოება "ვიანის" მფლობელობაში. ბრალი აქვს წაყენებული "ევექსის ჰოსპიტლების" ორ თანამშრომელსაც, რომლებმაც, სახელმწიფო მოხელეების მოსყიდვისა და პაციენტების მოზიდვისთვის, ბონუსის სახით, 226 ათასი ლარი მიღეს.
დაკავებულების ადვოკატი აცხადებს, რომ მათი ნაწილი ბრალს ეთანხმება, თუმცა აქვთ შენიშვნები გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. უფლებადამცველი ამბობს, რომ დაკავებულების ნაწილმა მიაწოდა გამოძიებას სრულყოფილი ჩვენება და თანამშრომლობენ გამოძიებასთან.
"ისინი 8 თვის წინ იქნენ გამოკითხულნი მოცემულ საქმესთან დაკავშირებით - პირველი მომენტიდანვე თანამშრომლობენ გამოძიებასთან და მიაწოდეს აბსოლუტურად სრულყოფილი ინფორმაცია. ეთანხმებიან ბრალს, თუმცა ჩვენ გვაქვს შენიშვნები გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელსაც გავაჟღერებთ მომავალში, ვინაიდან ჯერ გამოძიება არ არის დასრულებული. ვფიქრობთ, რომ ბევრი გარემოება იქნება დასადგენი, მაგალითად - პაციენტი რომელ კლინიკაში უნდა მოხვედრილიყო.
მათ მიაწოდეს სრულყოფილ ჩვენება, ითანამშრომლეს გამოძიებასთან. რაც შეეხება შეფასებას, ამას ჩვენ დავარქმევთ ქრთამის აღებას თუ სხვა სახელს, ეს არის სამართლებრივი სიბრტყე," - აცხადებს ადვოკატი, დავით კუტალაძე.
რაც შეეხება მესამე დაკავებულს, თამარ მანჩახაშვილის ადვოკატის, თქმით, ის დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს.
"ქალბატონი თამარი დუმილის უფლებას იყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრალს არ აღიარებს. მისთვის განსაკუთრებულ გაუგებრობას იწვევს ბრალდების მხარის სამართლებრივი პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, თითქოს ის ერეოდა ელექტრონული მართვის პროგრამაში. მას არასოდეს რაიმე ქმედება იმისთვის, რომ რომელიმე პაციენტი, თუნდაც ერთისთვის შეეცვალა მიმართულება და მოხვედრილიყო სხვა კლინიკის ნაცვლად მეორე კლინიკაში, ასეთი რამ არასოდეს არ განუხორციელებია," - აცხადებს გიორგი ყავლაშვილი.
გუშინვე, მომხდარს წერილობით გამოეხმაურა სააქციო საზოგადოება "ვიანი", რომლის დაქვემდებარებაშიც 2023 წლიდან "ევექსის ჰოსპიტლები" გადავიდა. კომპანიაში განმარტავენ, რომ საქმეში ბრალდებული 2 პირი მათი თანამშრომელი არ იყო, სამართალდამცველებთან კი გამოძიების პირველივე დღიდან თანამშრომლობენ.