წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ოპოზიციონერ მერს, გიორგი ხარჩილავას, მთავრობისგან გამოყოფილი საკომპენსაციო თანხა მოსახლეობისთვის ამ დრომდე არ ჩაურიცხავს.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ, 5-6 თებერვალს, ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემის მიზნით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებისთვის 681 ათასი ლარი გამოიყო.
აქედან 213 ათასი ლარი წალენჯიხის მუნიციპალიტეტმა მიიღო, თუმცა ოჯახებს თანხა ამ დრომდე არ ჩარიცხვიათ.
მარტვილსა და ჩხოროწყუში კი საკომპენსაციო თანხების ჩარიცხვა დასრულების ეტაპზეა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის "ქართული ოცნებიდან", დათა კუკავას თქმით, ფაქტი, რომ წალენჯიხაში ოჯახებს თანხა ამ დრომდე არ მიუღიათ, მერიის "არაკომპეტენტურ მუშაობაზე" მეტყველებს.
"განკარგულება გამოვიდა 29 თებერვალს და მას შემდეგ 15 დღე გავიდა. ამ დრომდე, არცერთ დაზარალებულ ოჯახს თანხა არ მიუღია. ჩემს სოფელში 21 ოჯახია დაზარალებული და არაფერი მიუღიათ. ეს მერიის არაკომპეტენტურ მუშაობაზე მეტყველებს,"- აცხადებს კუკავა.