14 სექტემბერი 2026,   11:51
ვრცლად
ჩინეთთან უვიზო რეჟიმი რამდენიმე დღეში ამოქმედდება - როგორ აფასებს ოპოზიცია გადაწყვეტილებას

ოპოზიციის ნაწილი ჩინეთთან უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხს პოზიტიურად აფასებს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ბარიერების მოხსნა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობას ტურიზმისა და ეკონომიკის მიმართულებით.

"ბუნებრივია, ეს არის დადებითი მოვლენა. მაშინ, როდესაც სავიზო რეჟიმის ბარიერები არსებობდა ჩვენი მოქალაქეებისთვის, როდესაც [ბარიერი] იხსნება, ბუნებრივია, ეს კიდევ უფრო ამარტივებს ამ კუთხით თანამშრომლობას ნებისმიერი ბიზნესმენისთვის ისევე, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა, ტურისტული მიზნით წავიდნენ ჩინეთში," - აცხადებს "რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია.

სიახლეს პოზიტიურად მიიჩნევენ "გირჩშიც".

"ზოგადად, პოზიტიური ცვლილებაა. სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. რაც ნაკლები ბარიერია მოგზაურობაში თუ გადაადგილებაში, მით უკეთესი. მეტი ტურისტი შეიძლება ჩავიდეს-ჩამოვიდეს, მეტი ეკონომიკური ურთიერთობა დამყარდეს და ა.შ.," - აცხადებს "გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

ჩინეთთან უვიზო რეჟიმი რამდენიმე დღეში ამოქმედდება. საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ, ჩინეთში, უვიზოდ, 30 დღის განმავლობაში დარჩნენ. აღნიშნულის შესახებ დღეს საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აცნობა.

დღის ამბები