საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, (GCCA) თბილისში მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) მაღალი დონის კონფერენცია გაიხსნება. GCCA 2026/2027 წლებში ICPEN ხელმძღვანელ უწყებას წარმოადგენს.
კონფერენცია 3 დღის განმავლობაში იმუშავებს მომხმარებელთა უფლებების სფეროში არსებულ აქტუალურ საკითხებზე და განსაზღვრავს ერთიან მიდგომებსა და სტანდარტებს. კონფერენციას 55 ქვეყნის 100-მდე დელეგატი ესწრება, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყებების ხელმძღვანელი პირები. დელეგატებს სიტყვით მიმართავს GCCA-ის თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ქვეყნის მომხმარებელთა დაცვის უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლები – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი.
საერთაშორისო პარტნიორებს წარმოადგენენ: UNCTAD-ის კონკურენციისა და სამომხმარებლო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი რემი ლანგი, გაერთიანებული სამეფოს კონკურენციისა და ბაზრის სააგენტოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის დირექტორი ემა კოჰრეინი, შვედეთის მომხმარებლის უფლებების დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე ქრისტოფერ იოჰანსონი, იტალიის კონკურენციის სააგენტოს უფროსი ექსპერტი ანტონიო მანჩინი.
თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის მთავარი გზავნილია "ციფრულ ეპოქაში ნდობის შენება" (Building Trust in the Digital Age).
15-17 სექტემბერს კონფერენციის ძირითადი სამუშაო პროგრამა გაგრძელდება, რომელიც თემატურ პანელურ სესიებს, მაღალი დონის შეხვედრებსა და სამუშაო სესიებს მოიცავს.