14 ივნისი 2026,   04:46
ვრცლად
როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე, სასამართლო აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით დღეს იმსჯელებს - რა პოზიციები აქვთ მხარეებს

როინ შავაძის მკვლელობის საქმე, 8 დაკავებული და 2 ძებნილი - სასტიკად ნაწამებ სამხედროს ჯამში 40 ტყვია ესროლეს, წლების შემდეგ კი საქმე გახსნილად გამოცხადდა.

ხელახალ გამოძიებას საფუძვლად 2020 წელს, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი ვერდიქტი დაედო. დაკავებულები ახლა სასამართლოს ვერდიქტის მოლოდინში არიან.

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სპეცრაზმელები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. მისივე თქმით, საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყება "პროპაგანდისტულად მოტივირებული სისხლის სამართლის დევნაა".

"ეს არის სპეცრაზმელების წინააღმდეგ წარმოებული, პროპაგანდისტულად მოტივირებული სისხლის სამართლის დევნა. ისინი გამოძიებასთან წლების განმავლობაში თანამშრომლობდნენ, მიცემული აქვთ არაერთი ჩვენება, რომელსაც გამოძიება ფაქტობრივად იზიარებდა. ჯერ კიდევ 2008 წელს არის დაწყებული გამოძიება და 2008-2009 და 2010 წლების გამოძიების ფარგლებში, ყველა ის საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული, რაც შემდეგ ხელახლა ჩატარდა. ახალი მტკიცებულება ახალი ხელისუფლების პირობებში მოპოვებული არ არის. აგვისტოს ომის გმირები, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სპეცრაზმელები, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და ეს ერთადერთი სიმართლეა - მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ," - აცხადებს ადვოკატი ბექა ბასილაია.

რაც შეეხება მეორე მხარის ადვოკატის პოზიციას, რამინ პაპიძის განცხადებით, ახალი გამოძიებით მთავარია დადგინდეს, თუ ვინ იყო რეალურად მკვლელობის შემკვეთი. მისივე თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი რომ ეს ვანო მერაბიშვილია, თუმცა ამის დასამტკიცებლად საჭირო კონკრეტული მტკიცებულებებია:

"თუკი რომელიმე ბრალდებული, ვინც დაკავებულია ითანამშრომლებს და ამხელს სხვა პირებს ამ დანაშაულის ჩადენაში, არ არის გამორიცხული რომ მათ მიმართ პოზიცია იყოს უფრო შემწყნარებლური. არ არსებობს უმიზეზოდ სახელმწიფოს წარმომადგენლების  სპეც სამსახურის წარმომადგენლები ვინმეს კლავდნენ. პატარიძეს ბრალი აქვს წარდგენილი მკვლელობის ორგანიზებისთვის, მაგრამ პატარიძე არ არის ამ საქმის ერთადერთი ორგანიზატორი. მას კიდევ სხვამ უთხრა რომ უნდა მოეხდინა ამ მკვლელობის ორგანიზება და  ეს აუცილებლად ცენტრიდან იყო დავალებული. არის საფუძვლიანი ეჭვები, რომ ეს იყო ვანოსგან წამოსული ინიციატივა, თუმცა ამას კონკრეტული მტკიცებულებები სჭირდება," - აღნიშნავს ადვოკატი რამინ პაპიძე.

აგვისტოს ომის და საერთაშორისო სამშვიდობო მისიების მონაწილე ჯარისკაცს, 15 წლის წინ, კუდის მაღალჩინოსნების დაკვეთით, სპეცრაზმმა სასტიკად სცემა, ბათუმიდან გურიის მიმართულებით გაიტაცა და კალაშნიკოვის ავტომატებით ჩაცხრილა.

სასტიკად ნაწამებ სამხედროს ჯამში 40 ტყვია ესროლეს.

დღის ამბები