29 სექტემბერი 2023,   20:43
ვრცლად
ვაკის პარკის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება - გამოიკითხება მერიის მუნიციპალური ლაბორატორიის წარმომადგენლი

ვაკის პარკის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს, ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება - გამოიკითხებიან მოწმეები, მათ შორის იქნება მერიის მუნიციპალური ლაბორატორიის წარმომადგენლი. საქმეში, რომელსაც დღევანდელი პროცესი ეხება, 9 პირია ბრალდებული. მათ ყალბი დოკუმენტების გამოყენებასთან ერთად, სამსახურებრივ გულგრილობასა და უხარისხო სამუშაოების შესრულებას ედავებიან, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

“მოწმის ჩვენებით დადასტურდება, რომ მას შემდეგ, რაც ცენტრალურ შადრევანზე გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, მას უკვე ტექნიკური ზედამხედველობა ცენტრალურ შადრევანზე აღარ განუხორციელებია, თუმცა მოგეხსენებათ რომ აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის ზეპირი დავალების შესაბამისად, კიდევ გაგრძელდა სამუშაოები. ამ შეფუთვის სამუშაოების დროს როგორც მოგეხსენებათ, ცხაურის და ბეტონის ზედაპირს შორის მოყვა კაბელი და დაზიანდა.

აღნიშნული მოწმე ადასტურებს, რომ ამ სამუშაოებისთვის იგი საქმის კურსში არ ჩაუყენებია. დაცვის მხარის ვერსია გამოირიცხა სასამართლო განხილვების დროს, ეს ვერსია არის აბსურდული. ყველა მოწმემ, ვინც კი დაიკითხა აღნიშნულ საკითხზე, კატეგორიულად განაცხადა, რომ სადენი იყო მჭიდროდ მოყოლილი ცხაურსა და ბეტონის ზედაპირს შორის,“ – აცხადებს პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი.

მერიის ლაბორატორიის პასუხისმგებელი პირის დაკითხვა სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. მასთან შეკითხვები აქვთ ადვოკატებს, თუ რატომ ვერ აღმოაჩინა მერიის ლაბორატორიამ ჩატარებული არაერთი კვლევის შედეგად, რომ რეაბილიტირებულ შადრევანში უსაფრთხოების რელე არ იყო დამონტაჟებული.

რაც შეეხება ბოლოს ჩატარებულ სამუშაოებს, რომელიც შადრევანში შავი მილების თეთრად გადაფუთვის პროცესს გულისხმობს, რა დროსაც გამოძიების ინფორმაციით, დაზიანდა კაბელი და წყალზე დენი გავრცელდა, ამ ნაწილშიც გააჩნიათ ადვოკატებს შეკითხვები მოწმესთან. ისინი ამბობენ, რომ „გრინ სერვის პლიუსი“, პროექტის შემსრულებელი კომპანია არ იყო ვალდებული მერიისთვის თითოეული ჩატარებული სამუშაოს შემდეგ ლაბორატორიული კვლევის მოთხოვნით მიემართა.

„პასუხისმგებლობები განაწილებული იყო თანაბრად. სამართალწარმოების ამ ეტაპზე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ვგულისხმობდით სწორედ მუნიციპალურ ლაბორატორიას და იმ სახელშეკრულებო ვალდებულებებს, რომელიც გათვალისწინებული იყო და რომლითაც მუნიციპალური ლაბორატორია იყო პასუხისმგებელი ტექნიკურად შემოწმებაზე შესრულებული სამუშაოების ხარისხზე. შესაბამისად, ბუნებრივია მოწმესთან ძალიან ბევრი შეკითხვა გვექნება. გაჟონვის რელეს არარსებობა და არსებობა შესაძლებელი შემოწმებულიყო ნებისმიერ ეტაპზე. არანაირი კავშირი არ აქვს ამას 23 სექტემბრის სამუშაოებთან,“ - აცხადებს ადვოკატი.

დღის ამბები