01 ოქტომბერი 2026,   18:12
ვრცლად
"ჩვენ ქართულ საზოგადოებაში ჩვეულებრივად არ გავატარებთ აი ამ რეისების აღდგენას" - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხმაური იყო

მოსკოვიდან პირველი პირდაპირი რეისი შესრულდა. ხმაური იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე - გაიმართა საპროტესტო აქცია. პირველი რეისის შესრულებას სტვენით, შეძახილებით და ბანერებით შეხვდნენ.

"ესენი იცავენ რუსებს, ესენი იცავენ კვარაცხელიას და მოღალატეებს. ჩვენ ქართულ საზოგადოებაში ჩვეულებრივად არ გავატარებთ აი ამ რეისების აღდგენას თავხედური ფორმით, რასაც ვისმენდით. ზოგადად, პროტესტი იქნება სულ, სანამ ამ ხელისუფლებას არ შევცვლით," - განაცხადა "დროას" ლიდერმა და აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ელენე ხოშტარიამ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაკავებულია ექვსი პირი, მათ შორის, პოლიტიკოსი ლევან თარხნიშვილი, თუმცა ეს არაა ოფიციალური ინფორმაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მყოფ აქციის მონაწილეებს თავიდანვე განემარტათ, რომ პროტესტი მშვიდობიანი ფორმით გამოეხატათ. "აქციის მონაწილეებს თავიდანვე განემარტათ ავტოსადგომის შესახებ, სადაც უნდა განთავსებულიყვნენ, ასევე, განემარტათ კანონის თაობაზე. ეს გახლავთ აეროპორტის შენობა, სადაც აკრძალულია შიდა პერიმეტრზე აქციის ჩატარება. ჩვენ განუცხადეთ, რომ 20 მეტრის რადიუსში დავაყენებდით მათ და ჩაეტარებინათ მშვიდობიანი აქცია. შესაბამისად, სადგომზე ატარებენ აქციას. თუ ვინმე დაარღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, პოლიცია მოუწოდებს, რომ დაემორჩილოს პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, წინააღმდეგ შემთხვევაში გატარებული იქნება კანონის შესაბამისი ზომები," - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

"აზიმუტის" თვითმფრინავი თბილისში დაახლოებით პირველ საათზე დაეშვა. ეს არის პირველი პირდაპირი რეისი მას შემდეგ, რაც პუტინმა საკუთარი აკრძალვები მოხსნა.

 

ავტორი: ანუკა ბუავა

დღის ამბები