დაპირისპირება, ურთიერთბრალდებები, პირადი შეურაცხყოფა და წარსულის გახსენება - ოპოზიციის პოლიტიკური რუტინა უცვლელია. ერთობის გზების პოვნა ვერ შეძლეს, თუმცა ერთმანეთთან დაპირისპირების მიზეზს ყოველთვის მარტივად პოულობენ. ხელისუფლების ოპონენტებს შორის განხეთქილების საბაბი ამჯერად IRI-ის კვლევის შედეგები გახდა. ერთპროცენტიანი პარტიების ლიდერებმა, რომლებიც კვლევის შედეგებშიც კი ვერ მოხვდნენ, მარცხზე პასუხისმგებლობის აღების ნაცვლად, პოლიტიკური კრახი ერთმანეთს გადააბრალეს.
ჩერგოლეიშვილმა პოლიტიკური ცეცხლი, ტრადიციულად, სოცქსელიდან გახსნა და ბრალდებების ავტორს უნიჭო რეგვენი უწოდა, რომელიც საკუთარი პარტიის "ლუზერობას" სხვებს აბრალებს. ახალი კვლევის შედეგებს ოპოზიციაში ძველი ცოდვების გახსენებაც მოჰყვა.
ურთიერთბრალდებებში სხვებს არც "ნაციონალური მოძრაობა" ჩამორჩა. მუდამ დაპირისპირების ავანგარდში მყოფმა სააკაშვილის გუნდის წევრებმა დღეს კიდევ ერთხელ თქვეს, რომ ოპოზიციის ერთობას თავად ოპოზიცია შლის, გარდა "ნაციონალური მოძრაობისა".
მაშინ, როცა რეიტინგისთვის მილიონები იხარჯება, ხალხის ნდობა კი მაინც ნულის ტოლია, ბრაზი და იმედგაცრუება არავის უნდა გაუკვირდეს - ასეთია სანდრო რაქვიაშვილის პოზიცია. "თავისუფალი ხალხის" პარტიაში ამბობენ, რომ IRI-ის კვლევის შემდეგ დაწყებულმა დაპირისპირებამ ოპოზიციის უუნარობა კიდევ ერთხელ ცხადყო.
ის, რაც დღეს ოპოზიციურ ველზე IRI-ის კვლევის შედეგმა გამოიწვია, ბევრჯერ ნანახი და კარგად ნაცნობი სცენარია მმართველი გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათი ოპონენტები წარსულშიც და დღესაც არა ქართველ ხალხს, არამედ უცხოელ დამკვეთებს, არა საქართველოს, არამედ მათ ვიწყო პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებიან.
IRI-ის კვლევით განულებული ოპოზიცია, მორიგი პოლიტიკური მარცხის შემდეგ, დამნაშავის ძიებაში კვლავ ერთმანეთს დაუპირისპირდა.
ავტორი: ნანა გოგატაძე