ისრაელის პრეზიდენტი Flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, სამოქალაქო გმირობისთვის საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენს.
საქართველოში ისრაელის საელჩო აცხადებს, რომ ქართული წარმოშობის ისრაელელი ექიმის შოთა მუსაევის გმირობისა და სიმამაცის წყალობით Flydubai-ს რეისის მგზავრები გადარჩნენ და ამისთვის მას მადლობას უხდის.
თავად შოთა მუსაევი ამბობს, რომ კრიტიკულ სიტუაციაში მიღწეული წარმატება მთლიანად გუნდური მუშაობის შედეგი იყო და არა რომელიმე ცალკეული პირის დამსახურება.
"ვფიქრობ, რომ იქ ყველა გმირი იყო. არ ვთვლი, რომ გმირი მხოლოდ მე, ან ვინმე სხვა კონკრეტული პიროვნებაა. ეს გუნდური მუშაობის შედეგი იყო. კიდევ რამდენიმე წამიც და შესაძლოა, დღეს აქ აღარ ვყოფილიყავით. ჩვენ ვითარების კონტროლი შევძელით. იმ წუთებში მაქსიმუმი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. რა თქმა უნდა, თვითმფრინავში პანიკა იყო და ხალხი ყვიროდა. ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში ფიქრის დრო არ გრჩება. მოქმედებ ინსტინქტურად, საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზე, მხოლოდ გადარჩენის მიზნით," - განაცხადა შოთა მუსაევმა.