"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ერთადერთია, რომელმაც კითხვაზე თავის არიდებით ფაქტობრივად დაადასტურა, რომ IRI-ის კვლევის შესახებ ოპოზიცია ინფორმირებული იყო, არადა, ორი დღეა, არსებობს კითხვები - ვინ დაუკვეთა და რატომ დაიმალა, და ორი დღეა, დუმს დამკვეთიც და შემსრულებელიც. პრაქტიკა ასეთია - ორგანიზაციას კვლევას ოპოზიცია უკვეთავს, ორგანიზაციაც ოფიციალურ პრეზენტაციამდე წინასწარ მონაცემებს ჯერ თავად პარტიებს უგზავნის. მათგან პასუხი ვერ მივიღეთ, ამიტომ წერილობით, კვლევის ავტორს, IRI-ის მივმართეთ - დაასახელოს პარტიები, რომლებმაც ორგანიზაციას რეიტინგის გაზომვა სთხოვეს. ერთად 16, ცალ-ცალკე 1 ან 2 პროცენტი - ასეთი აღმოჩნდა შედეგი, რომელიც სოცქსელში არაოფიციალურად გავრცელდა. რატომ არ გაასაჯაროვა ოპოზიციამ მისთვის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი - შეკითხვა შესაძლოა რიტორიკულადაც დაისვას. მით უმეტეს მაშინ, როდესაც პასუხისმგებლობას ყველა იხსნის და ეჭვქვეშ თავად ამ მონაცემებსაც აყენებს.
კომენტარისგან ოპოზიციური პარტიები რომ თავს იკავებენ, არ უკვირს მმართველ პარტიას, რომლის მხარდაჭერაც ოპონენტების 16 პროცენტს რამდენჯერმე აღემატება. ალოკაციის გარეშე, 36%, ალოკაციით 55% - ასეთია მათი შედეგი, რომელსაც თავად ისტორიულ მაქსიმუმს უწოდებენ. ამბობენ, რომ ეს მონაცემი "ქართული ოცნებისთვის" IRI-ის აქამდე ჩატარებულ არცერთ კვლევაში არ დაუწერია.
არ ენდობიან და არც აინტერესებთ, ვინ დაუწერა მინიმალური შედეგი - ამას აცხადებენ IRI-ის კვლევაზე ისინი, ვისაც ორგანიზაციამ, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით, 2-2 პროცენტი დაუთვალა.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციისთვის ორმაგი სტანდარტი უკვე ბუნებრივი თვისებაა - არ ენდობიან მაშინ, როდესაც არ მოსწონთ შედეგი. უმრავლესობის თქმით, სწორედ ეს გახდა მიზეზიც, რის გამოც ოპოზიციამ მონაცემები დამალა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ IRI-ის კვლევაში ოპონენტების ისტორიული მინიმუმი ლოგიკურია, რადგან საზოგადოებამ რადიკალიზმს დიდი ხანია უთხრა უარი.
როდის გამოქვეყნდება საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის სრული ვერსია - შეკითხვა "კურიერმა" IRI ევრაზიის წარმომადგენლობას წერილობით ჯერ კიდევ გუშინ გაუგზავნა.