ევროსაბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფი კრიზისის წინაშეა - ორგანიზაცია ოფიციალურად აშშ-მაც დატოვა. ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, GRECO-ში წევრობას აღარ მოაქვს საკმარისი სარგებელი ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ვაშინგტონი გეგმავს, აქცენტი კორუფციასთან ბრძოლის ისეთ მიზანმიმართულ ინსტრუმენტებზე გააკეთოს, როგორებიცაა სანქციები და სავიზო შეზღუდვები.
ამერიკის მიერ ევროსაბჭოს ანტიკორუფციული ჯგუფის დატოვება პოლიტიკური განხილვის თემაა თბილისშიც. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ შტატების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი დასანანია, რადგან ვაშინგტონის როლი ორგანიზაციაში უმნიშვნელოვანესი იყო.
შტატების გადაწყვეტილება არ უკვირს მმართველ გუნდს. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას გაცხადებული აქვს თავისი მიზნები - არ აპირებენ ფულის დახარჯვას ისეთი ორგანიზაციების წევრობისთვის, რომლებიც რეალურ საქმიანობას არ ეწევიან და ბიუროკრატია ხელფასს არაფრის კეთებაში იღებს.
აშშ ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის წევრი 2000 წლიდან იყო. ევროპის საბჭოს შეფასებით, ამერიკა ღირებული პარტნიორი იყო GRECO-სთვის, რომელიც მზადაა, ვაშინგტონის სურვილის შემთხვევაში, მომავალში თანამშრომლობა განაახლოს. ევროსაბჭოს ანტიკორუფციული ჯგუფი შტატებამდე რუსეთმა და ბელორუსმაც დატოვეს.