სარდაფში დამალული კოკაინი პოლიციამ მანამდე ამოიღო, ვიდრე დააფასოებდნენ და შემდეგ გაავრცელებდნენ.
კოკაინი განსაკუთრებით დიდი ოდენობით იყო. "კურიერის" ინფორმაციით, ნარკოტიკის კვალზე პოლიცია ოპერატიული ინფორმაციით გავიდა და 27 წლის მამაკაცი დააკავა. ფარჯიანის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
პოლიცია იყო მობილიზებული ერთ-ერთ სასტუმროშიც. იქ უკრაინის მოქალაქეს დაადეს ხელბორკილები, ოთახში, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი დროებით ცხოვრობდა, ე.წ. ბიო იპოვეს. ნარკოტიკი ამოიღეს სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკის დროს და რამდენიმე სამალავიდან.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ნარკოდამნაშავეების ასაყვანად, სხვადასხვა მისამართზე იყვნენ მობილიზებულები. დაკავებულია კიდევ 7 პირი. აღკვეთილია კოკაინის, ბიოს, მეთადონის, მარიხუანასა და სხვა ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების ფაქტები.
გაშიფრულია სქემაც, რომლის მიხედვითაც ნარკოდამნაშავეები ნარკოტიკების გავრცელებას უწყობდნენ ხელს. იყენებდნენ ინტერნეტ აპლიკაციებს, სოციალური ქსელების საშუალებით, დაინტერესებულ პირებს პოულობდნენ, ნარკოტიკს დებდნენ და მყიდველებს სამალავების ფოტოებს უგზავნიდნენ.
"კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან ორგანიზებული ჯგუფის წევრებიც - ის პირები, რომლებსაც ფუნქციები გადანაწილებული ჰქონდათ და სხვადასხვა მეთოდით ხელს უწყობდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას.
9 დაკავებულიდან ნაწილმა დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან თანამშრომლობს, ნაწილი კი დუმილის უფლებას იყენებს.
თბილისში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შესახებ კომენტარი გაკეთდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების ინფორმაციით, კომპლექსური, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.
თბილისში მიმდინარე საპოლიციო ღონისძიებების დროს, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და, სავარაუდოდ, რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულიც.