თავისუფლების ქუჩაზე, ნარკორეალიზაციის ბრალდებით, 25 წლამდე მამაკაცის დაკავებას ხმაური მოჰყვა. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ის უდანაშაულოა.
მანამდე, მამაკაცის საცხოვრებელ სახლში, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები. ჩვენი ინფორმაციით, ამოღებულია სხვადასხვა სახის, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით დაკავებულია 20-ზე მეტი ნარკორეალიზატორი, როგორც მამაკაცები, ასევე ქალებიც. მისივე თქმით, დღის ბოლომდე, სავარაუდოდ, დაკავებულების რაოდენობა გაიზრდება.
"სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ამ ეტაპზე, დაკავებულია 20-ზე მეტი ნარკორეალიზატორი. ფონიჭალაში დაკავებულია 6 ნარკორეალიზატორი. სხვადასხვა დიდ ქალაქებში გრძელდება ღონისძიებები, დღის ბოლომდე დაკავებულების რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება. ასევე, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით. ამ ადამიანებთან გარკვეული პერიოდის მანძილზე მიმდინარეობდა მუშაობა. წინასწარ განხორციელდა არაერთი საკონტროლო შესყიდვა, რომელიც აღბეჭდილია აუდიო-ვიდეო ფაილებში და დევს საქმეში. დაკავებულები არიან როგორც ქალები, ასევე მამაკაცები, არასრულწლოვანები, ამ ეტაპზე, დაკავებულებს შორის არ არიან. რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს - რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ფიგურირებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც,"-აცხადებს თეიმურაზ კუპატაძე.
შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე საათია თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ სპეცოპერაცია მიმდინარეობს. პოლიცია ნარკორეალიზატორებს აკავებს. ქვეყნის მასშტაბით დაკავებულია 20-ზე მეტი პირი, აქედან 6 ფონიჭალაში. თავისუფლების ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც დილის 7 საათიდან მიმდინარეობდა, უკვე დასრულებულია.