30 სექტემბერი 2026,   15:13
ვრცლად
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ბუდაპეშტში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

2023 წლის 1-ლი აპრილიდან 1-ლი ივნისის ჩათვლით უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება მეათე საერთაშორისო თეატრალური ოლიმპიადა. რომელშიც მონაწილეობას იღებენ მსოფლიოში ცნობილი საუკეთესო რეჟისორები. ოლიმპიადაში საქართველოდან მონაწილეობას მიიღებს თავისუფალი თეატრი და წარმოადგენს ავთანდილ ვარსიმაშვილის მიერ დადგმულ უილიამ შექსპირის ორ სპექტაკლს - 26 აპრილს "რიჩარდ მესამესა" და 27 აპრილს "ოტელოს". ორივე წარმოდგენა ბუდაპეშტის ნაციონალური თეატრის დიდ დარბაზში გაიმართება და მას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრება.

საერთაშორისო თეატრალური ოლიმპიადა ყოველ ოთხ წელიწადში იმართება სხვადასხვა ქვეყანაში. წელს მასპინძელი ქვეყანა უნგრეთია. სამი თვის განმავლობაში სპექტაკლები გაიმართება უნგრეთის ყველა ქალაქში. ოლიმპიადაზე მოქმედებს მთავარი და ღია პროგრამები. მთავარ პროგრამაში წელს 30 სპექტაკლია, ღია პროგრამაში - 1500-ზე მეტი. მთავარ პროგრამაში სპექტაკლები შეირჩევა მხოლოდ ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ, რომელშიც შედიან მსოფლიოს გამორჩეული რეჟისორები და კრიტიკოსები. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მთავარ პროგრამაში მოხვდა. თავისუფალი თეატრი თავის შემოქმედებას წარადგენს ისეთ სახელგანთქმულ რეჟისორთა სპექტაკლების გვერდით, როგორიც არიან: ტადაში სუძუკი, თეო თერზპულუსი, კრისტოფერ მარტჰალერი, სილვიო პურკარეტე, დიმიტრი პაპაიოანოუ, ეუჯენიო ბარბა, იან ფაბრი, რომეო კასტელუჩი, დეკლან დონელანდი, კრისტიან ლუპა, ჰეინერ ჰებელსი, ატილა ვიდნიანსკი და სხვა. 
 
სპექტაკლებში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი მსახიობები: გოგა ბარბაქაძე, აპოლონ კუბლაშვილი, ანი ალადაშვილი, მარიამ ნადირაძე, კახა მიქიაშვილი, ჯაბა კილაძე, მარიამ ჯოლოგუა, თინათინ კორძაძე და სხვა.
 
ვიზიტისას თეა წულუკიანი  შეხვედრებს გამართავს უნგრეთის ვიცე-პრემიერ ჟოლტ შემიენთან და უნგრეთის კულტურისა და ინოვაციის მინისტრის მოადგილე ესზტერ ვიტალიოსთან. შეხვედრებზე კულტურისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს განიხილავენ.

დღის ამბები