ელისო კილაძე საბურთალოზე მდებარე ბიზნესცენტრში პოლიციის შესვლას დავით კეზერაშვილის შურისძიებას უკავშირებს.
როგორც კილაძე აღნიშნავს, ამზადებს საგამოძიებო ფილმს ქოლცენტრებზე, რომელიც მისი თქმით, 2008 წელს თავდაცვის ყოფილი მინისტრის მხრიდან რუსეთთან იარაღით ვაჭრობას დაადასტურებს. რაც შეეხება კომპანია "ნომადაოს", რომელშიც სამართალდამცველები შევიდნენ, კილაძე ამტკიცებს, რომ ეს ტურისტული კომპანია და ბუქინგის ქართული ანალოგია.
რაც შეეხება "ლენდ კრუიზერს", "ქრონიკა პლიუსის" რედაქტორი ირწმუნება, რომ ის მეგობარმა ბიზნესმენმა გივი ჯიბლაძემ აჩუქა და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც აქვს. გაზეთ "ქრონიკა პლუსის" მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე აცხადებს, რომ კეზერაშვილის სამიზნეა.
"ყველა ადამიანი, ვინც დაიწყო ქოლცენტრების წინააღმდეგ ბრძოლა ამ ქვეყანაში. მე პირველი ვიყავი, ვინც ახსენა დავით კეზერაშვილის სახელი. იმიტომ ვარ კეზერაშვილის სამიზნე, რომ ეს არის კეზერაშვილის შურისძიება ჩემი მისამართით. მე დავაანონსე ჟურნალისტური გამოძიება, კეზერაშვილის მხრიდან იყო შემდეგ რაღაც შემოთვლები. ამიტომ ჩემმა მეგობრებმა მიიღეს ის გადაწყვეტილება, რომ ჩემთვის გადმოეცათ ბრონირებული მანქანა, რადგან ჩემზე თავდასხმის საფრთხე რეალური იყო.
ქოლ-ცენტრების სკანდალის შემდეგ, როდესაც ჩემი მეშვეობით იქნა გაჟღერებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოში კეზერაშვილი ფლობს ქოლ-ცენტრებს და ქოლ-ცენტრების სკანდალი პირდაპირ დაუკავშირდა მის სახელსა და გვარს, მას აქვს ასეთ ფრაზები ნათქვამი - კილაძე და ჯიბლაძე იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც დედა მიტირეს და ისინი ადეკვატურ რეაქციას მიიღებენ, საუბარი იყო, დიახ, გავისვრი თუ დამჭირდა", - განაცხადა ელისო კილაძემ.
ელისო კილაძის მეგობარი ბიზნესმენი გივი ჯიბლაძე ადასტურებს, რომ კილაძეს ნამდვილად მისცეს ბრონირებული ავტომობილი მოსალოდნელი თავდასხმის საფრთხის გამო.