



ვაკის პარკის საქმეზე სასამართლო პროცესი 27 მარტისთვის გადაიდო. ცხრა განსასჯელის ადვოკატებს შესავალი სიტყვები დღეს უნდა ეთქვათ, თუმცა მათ განაცხადეს, რომ დღეს ამისთვის მზად არ არიან და პროცესის გადადება მოითხოვეს.
მანამდე დღევანდელ პროცესზე რამდენიმე შუამდგომლობა განიხილეს, მათ შორის ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატის მოთხოვნა, საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის დართვის თაობაზე, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
ამასთან, ბრალდების მხარემ დღევანდელ პროცესზე შესავალი სიტყვა თქვა. ბრალდების შესავალ სიტყვამდე დაცვის მხარემ შუამდგომლობები და ახალი მტკიცებულებები წარადგინა. კერძოდ, დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით, გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა კიდევ ერთხელ დააყენა. როგორც ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა, ამ შუამდგომლობის საფუძველია სამხარაულის ექსპერტიზის ახალი საინჟინრო დასკვნა, რომელიც მათ ექსპერტიზის ბიუროს წინასასამართლო სხდომის შემდეგ დაუკვეთეს და დასკვნა 14 მარტს მიიღეს. უფლებადამცველის განმარტებით, დასკვნა გამორიცხავს ლაშა ფურცხვანიძის დანაშაულს. ადვოკატის თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ "გრინსერვის პლუსის" მიერ შესრულებული სამუშაოები სრულ თანხვედრაშია პროექტთან.
პროკურორი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ დაცვის მხარეს არ წარუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომელიც განსასჯელების დანაშაულს გამორიცხავს და აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი არ არსებობს. მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.