22 სექტემბერი 2026,   03:53
ვრცლად
ფრიდრიხ მერცის მარცხი არჩევნებში - "ალტერნატივა გერმანიისთვის" გამარჯვება და ახალი პოლიტიკური რეალობა

ფრიდრიხ მერცის მარცხი და ალის ვაიდელის გამარჯვება - მეკლენბურგ-წინა პომერანიის არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, "ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა" ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დააფიქსირა, პარტიამ ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად საჭირო 5%-იანი ბარიერიც ვერ გადალახა. საპირისპირო სურათია პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" შემთხვევაში, რომელმაც წინა არჩევნებთან შედარებით შედეგი გააორმაგა და ლანდტაგში ხმების თითქმის 40% მოიპოვა.

მერცის პარტიამ პოზიციები ვერც ტრადიციულად ლიბერალური განწყობების ბერლინელ ამომრჩეველში შეინარჩუნა. ცესკოს მონაცემებით, "ქრისტიან-დემოკრატებმა" ხმების დაახლოებით მესამედი დაკარგეს, შედეგად პოლიტიკური ძალა დედაქალაქის მართვას ჩამოშორდება. ბერლინში პირველი ადგილი "მემარცხენეებმა" მოიპოვეს, მეორეზე "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი" გავიდა, მესამე პოზიციაზეა "ალტერნატივა გერმანიისთვის".

ბოლო ერთ თვეში, საკვანძო რეგიონებში - საქსონია-ანჰალტში, ბერლინში და მეკლენბურგ-წინა პომერანიაში განცდილი მარცხის მიუხედავად, ფრიდრიხ მერცი პოსტის დატოვებას არ აპირებს. გამოკითხვების ბოლო შედეგებით კანცლერს 10%-იანი მხარდაჭერა აქვს, ამ ფონზე ის ეკონომიკური, საგადასახადო, ჯანდაცვის და საპენსიო რეფორმების გატარებას გეგმავს.

ეკონომიკური სტრატეგია და საგარეო პოლიტიკის ხედვა წარადგინა პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის". ალის ვაიდელის გუნდმა არალეგალი მიგრანტების გაძევების და საიმიგრაციო ნაკადების შეჩერების პირობა დადო. ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, პარტია კიევისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას, რუსეთისთვის სანქციების მოხსნას და რუსული გაზის იმპორტის აღდგენას აანონსებს.

მედია წერს, რომ მზარდი რეიტინგის ფონზე, მთავარი ოპოზიციური ძალა სახელისუფლებო ბლოკის მხრიდან უპრეცედენტო ზეწოლის სამიზნე გახდა. წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას პარტიის წევრებზე ქიმიური საშუალებით თავდასხმა განხორციელდა, დაშავდა 9 ადამიანი. ქვეყნის მაღალჩინოსნები და თავდაცვის მინისტრი კი "ალტერნატივა გერმანიისთვის" აკრძალვის ინიციატივით გამოვიდნენ.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 

დღის ამბები