01 ივლისი 2026,   10:29
ვრცლად
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს ნაწილის გაფართოებისთვის 100 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდება - ილჰამ ალიევი

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს ნაწილის გაფართოებისთვის 100 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდება - ეს განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გააკეთა. ინფორმაციას "ინტერფაქს აზერბაიჯანი" ავრცელებს.

"5 წლის წინ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა გავხსენით, ახლა ჩვენი ქვეყნის გავლით ტვირთბრუნვის ზრდის პირობებში ახალი ინვესტიციების ჩადება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის გაფართოებისთვის დავიწყეთ. ეს პროექტი ჩვენ 100 მლნ დოლარზე მეტი დაგვიჯდება", - განაცხადა ალიევმა.

პროექტი ერთი ან წელიწადნახევრის განმავლობაში უნდა დასრულდეს. ალიევმა აღნიშნა, რომ დღეისთვის აზერბაიჯანი ინვესტიციებს სარკინიგზო სისტემების, საჰაერო და გადაზიდვებისთვის საჭირო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისთვისაც ახორციელებს. ილჰამ ალიევის მანამდე გაკეთებული განცხადების მიხედვით, აზერბაიჯანი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის განვითარებაზე ინვესტირებას წლიურად ტვირთების გამტარობის 5 მლნ ტონამდე გაზრდის მიზნით განახორციელებდა.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი 2017 წლის 30 ოქტომბერს ამოქმედდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის 98 კმ-იანი რკინიგზა, რომლის 68 კმ თურქეთის ტერიტორიაზეა, 30 კმ კი საქართველოს ტერიტორიაზე.

დღის ამბები