შეერთებულ შტატებში გამართული შუალედური არჩევნების შედეგით, სენატს დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები გააკონტროლებენ. ნევადაში ხმების გადათვლის შემდეგ, შტატში დემოკრატიული პარტიის წევრმა კეტრინ კორტეს-მასტომ გაიმარჯვა.
არჩევნების მეორე ტური დეკემბერში უნდა გაიმართოს ჯორჯიაში, თუმცა იქ რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაშიც, პარტიას უმრავლესობა ვერ ექნება.
ჯერ უცნობია წარმომადგენლთა პალატის ბედი, თუმცა ამ დროისთვის აქ რესპუბლიკელები ლიდერობენ, მათ უმრავლესობისთვის კიდევ 6 ხმა სჭირდებათ.
ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის პირველადი ანგარიშის მიხედვით, არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და პროფესიონალურად ორგანიზებული, იყო ამომრჩეველთა აქტიური მონაწილეობა, თუმცა დოკუმენტში ასევე საუბარია პოლარიზაციაზე, დეზინფორმაციაზე, აგრესიული რიტორიკასა და მუქარაზე.
ასევე საარჩევნო კამპანიის დაფინანსების გაუმჭვირვალობაზე და არჩევენის დაკვირვების შეზღუდვაზე. ოდირი წერს ელექტრონული ხმის დათვლის აპარატების შედეგების გადამოწმების შეუძლებლობაზეც.