სროლისა და განგაშის სიგნალის ხმა ისმოდა ირანში, "ევინის" ციხეში. BBC-ს ინფორმაციით, ციხეში ძლიერი ხანძარიც გაჩნდა. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს როგორ ამოდის ციხის ტერიტორიიდან კვამლი.
როგორც ცნობილია, "ევინი" პოლიტპატიმრების, ჟურნალისტებისა და უცხოელი პატიმრების ციხედ ითვლება. სწორედ აქ მოათავსეს ასობით დემონსტრანტი, რომლებიც ქუჩებში 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილს აპროტესტებდნენ.
BBC-ს ადგილობრივი ბიუროს განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ციხეში არსებული მდგომარეობა ბოლო დემონსტრაციებს. თუმცა გავრცელებულ ვიდეოებში ისმის, როგორ სკანდირებენ ციხეში დემონსტრანტების ცნობილ ლოზუნგს - "სიკვდილი დიქტატორს" .
მომხდარიდან მალევე ციხის გარეთ ხალხმა შეკრება დაიწყო. დაწესებულებაში კი სპეცრაზმი შევიდა.
სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, არეულობა ქვეყანაში ბოლოს აგორებულ საპროტესტო ტალღას არ უკავშირდება.