უკრაინამ კიდევ ერთი სტრატეგიული ქალაქი აიღო - ოკუპირებული დონეცკის ქალაქ ლიმანში უკრაინული დროშა ფრიალებს და დადასტურდა ინფორმაცია, რომ უკრაინელი სამხედროები ქალაქს სრულად აკონტროლებენ. ფაქტს ადასტურებენ რუსეთშიც, თუმცა განსხვავებული ფორმით, ისინი კვლავ არ იმჩნევენ წარუმატებლობას და ამბობენ, რომ ეს ტაქტიკური უკანდახევაა.
უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინული დროშების რაოდენობა ოკუპირებულ რეგიონებში კიდევ მოიმატებს :
"დღეს მსოფლიოში კიდევ უფრო მეტი ხმა გაერთიანდა ფსევდო-რეფერენდუმებისა და რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიის – უკრაინის ტერიტორიის ანექსიის მცდელობის დაგმობაში. უკვე მივიღეთ ათობით განცხადება, რომელშიც მკაფიოდ უჭერენ მხარს უკრაინას და საერთაშორისო სამართალს, გმობენ რუსეთს ამ უკანასკნელი აგრესიული ნაბიჯის გამო. მთავარი ჩვენი წინააღმდეგობაა, ჩვენი თავდაცვაა, ჩვენი სვლა უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლებისკენ.
რუსეთმა დონბასში ფარსი დადგა. აბსოლუტური ფარსი, რომლის წარმოჩენა, რაღაც რეფერენდუმად სურდა. ამ კვირაში დონბასში უკრაინის დროშებმა მოიმატა. ერთ კვირაში კიდევ უფრო მეტი იქნება. უკრაინის სვლა გაგრძელდება. უკრაინის დროშა უკვე დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანშია. იქ ჯერ კიდევ მიმდინარეობს ბრძოლა, მაგრამ რაიმე ფსევდორეფერენდუმის კვალი აღარ არის. უკრაინისთვის ეს ლოგიკურია. მტრისთვის კი სულ უფრო მეტი იქნება ასეთი "შეუსაბამობები".
სხვათაშორის, უკვე დაიწყეს ერთმანეთის კბენა. დამნაშავეებს ეძებენ, წარუმატებლობას გენერლებს აბრალებენ. სანამ არ მიხედავთ იმ ერთადერთ პრობლემას, ვინც დაიწყო ეს ყველაფერი, ვინც დაიწყო რუსეთისთვის ეს უაზრო ომი უკრაინის წინააღმდეგ, თქვენ სათითაოდ გაგანადგურებენ, განტევების ვაცები გახდებით, რათა არ აღიაროთ, რომ ეს ომი რუსეთის ისტორიული შეცდომაა. უკრაინა თავისას დაიბრუნებს აღმოსავლეთშიც და სამხრეთშიც. ყველგან ჩვენი დროშა იქნება," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერის ოლექსანდრ სტუპუნის განცხადებით, ბოლოს 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 4 სარაკეტო და 16 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, სამხედრო და სამოქალაქო ობიექტების მიმართულებით კი 75-ზე მეტი საზენიტო ცეცხლი გახსნეს.
"გასული დღის განმავლობაში მტერმა 4 სარაკეტო და 16 საჰაერო დარტყმა განახორციელა, 75-ზე მეტი საზენიტო ცეცხლი გახსნა სამხედრო და სამოქალაქო ობიექტების მიმართულებით. გარდა ამისა, მტერი იყენებს ირანული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატს "შაჰედ-136" ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმისთვის.
მტრის დარტყმის შედეგად 30-ზე მეტი დასახლება დაზიანდა. ვითარება ვოლინისა და პოლისკის მიმართულებით მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. მტერმა განაგრძო დაბომბვა სევერსკის, სლობოჟანსკის, კრამატორსკის, ბახმუტის მიმართულებით. დაიბომბა საკონტაქტო ხაზთან ახლოს მდებარე 28 დასახლებული პუნქტი. რუსეთის ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის ღონისძიებები გრძელდება. მიმდინარე წლის 30 სექტემბრიდან ყირიმის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოწინააღმდეგის სამხედრო ნაწილები მოყვანილია "სრულ" საბრძოლო მზადყოფნაში.
დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმები კოზაჩა ლოპანის, ვიიმკას, ბახმუცკეს, ბახმუტის, ვესელა დოლინას და პერვომაისკეს დასახლებებში. უკრაინის საჰაერო ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 29 დარტყმა განახორციელეს. გარდა ამისა, ჩვენმა საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა ჩამოაგდეს 2 უპილოტო საფრენი აპარატი. სარაკეტო ჯარებმა და არტილერიამ დღის განმავლობაში დაარტყა 8 სამეთაურო პუნქტს, ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 10 უბანს," - განაცხადა მან.