04 ივლისი 2026,   19:06
ვრცლად
მოგმართავთ რუსეთის მოქალაქეებს, არჩევანის დრო დადგა, გააპროტესტეთ, იბრძოლეთ, გაიქეცით ან უკრაინას ჩაბარდით ტყვედ - ვოლოდიმირ ზელენსკი

"რუსეთის გადაწყვეტილება მობილიზაციის გამოცხადების შესახებ არის აღიარება, რომ მათმა ძირითადმა არმიამ ვერ გაუძლო და ჩამოინგრა" - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის მოქალაქეებს პროტესტისა და ქვეყნიდან გაქცევისკენ მოუწოდა.

"უკრაინის სიძლიერეზე საპასუხოდ რუსეთის ხელმძღვანელობა ცვლის ტაქტიკას და ცდილობს, ომში კიდევ უფრო მეტი რუსეთის მოქალაქე და რესურსი ჩართოს.
რუსეთის გადაწყვეტილება მობილიზაციის შესახებ არის გულწრფელი აღიარება, რომ მათმა ძირითადმა არმიამ, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ემზადებოდა უცხო ქვეყნის დასაპყრობად, ვერ გაუძლო და ჩამოინგრა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოჩვენებითი რეფერენდუმისთვის მზადება აჩვენებს იმას, რაც 2014 წელს ყირიმსა და დონბასში მოხდა.

მადლობას ვუხდი ყველას მთელ მსოფლიოში, ვინც გვერდში გვიდგას და აშკარად დაგმო მორიგი რუსული ტყუილი. რუსეთი საკუთარი ხელით მარხავს მოლაპარაკების ყოველგვარ პერსპექტივას. მოგმართავთ რუსეთის მოქალაქეებს, არჩევანის დრო დადგა. მამაკაცებისთვის ეს არჩევანია სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. ქალებისთვის კი არჩევანია - სამუდამოდ დაკარგონ ქმრები, შვილები და შვილიშვილები ან მათი ომისგან და ერთი ადამიანისგან დაცვა სცადონ. ისინი განურჩევლად ყველას წაიყვანენ. გააპროტესტეთ, იბრძოლეთ, გაიქეცით ან უკრაინას ჩაბარდით ტყვედ. გადასარჩენად მხოლოდ ეს არჩევანი გაქვთ,"- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები