ეკონომიკის სამინისტროში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრა გაიმართა, მას მთავრობის ეკონომიკური გუნდი ესწრებოდა.
განიხილეს საქართველოსა და იბიარდს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგი, მიმდინარე და სამომავლო პროექტები.
აღინიშნა, რომ ბანკმა საქართველოში განხორციელებულ 270 პროექტში 4.9 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა. ამასთან, თანხის 79% კერძო სექტორის დაფინანსებას მოხმარდა.
"ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრისას ჩვენ განვიხილეთ ბანკთან თანამშრომლობის დღის წესრიგი, რომელიც საკმაოდ ფართეა. ბოლო თითქმის 30 წლის განმავლობაში საქართველოს 5 მილიარდამდე დაფინანსება აქვს მიღებული, რომელიც ძირითადად, 80% მიმართულია კერძო სექტორში, რაც ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია, რომ ეს დახმარება უფრო მდგრადი იყოს გრძელვადიან პერსპექტივაში.
ვისაუბრეთ ასევე სამომავლო პრიორიტეტებზე და გეგმებზე, რომელიც ქვეყანას გააჩნია და რაშიც რა თქმა უნდა ველოდებით, რომ იბიარდი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს დაფინანსების კუთხით," - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი.