04 ივლისი 2026,   19:06
ვრცლად
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა პოლონეთს ელექტროენერგიის ექსპორტით დაეხმარება

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა პოლონეთს ელექტროენერგიის ექსპორტით დაეხმარება. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პოლონეთის პრემიერთან შეხვედრისას მათ უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე არსებული პრობლემები, საერთო საბაჟო კონტროლის, გამშვები პუნქტების გაფართოება და საფოსტო გზავნილების გამარტივების საკითხი განიხილეს.

ზელენსკიმ ასევე უკრაინის არმიის საბრძოლო მოქმედებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ახალ დასახლებებზე უკრაინის კონტროლი ეტაპობრივად მყარდება.

"კარგი ამბავი გვაქვს ევროკავშირიდან. დამტკიცდა ჩვენი სახელმწიფოსთვის 5 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარება. და მეორე, მიღებულია გადაწყვეტილება ევროკავშირისა და რუსეთის მიერ ხელმოწერილი სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების შეჩერების შესახებ. ერთიანი ევროპა რუსეთისთვის მეორე სამიზნეა ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი დამოუკიდებლობის შემდეგ. ეს თემა განვიხილეთ ჩვენს მეგობრებთან - ლატვიის პრეზიდენტთან და პოლონეთის პრემიერ მინისტრთან. მე მივმართე პოლონეთის პრემიერ-მინისტრს საფოსტო გზავნილების ფასის შემცირების წინადადებით. პოლონეთმა კი ენერგეტიკის სფეროში დახმარება გვთხოვა, კერძოდ, ელექტროენერგიის ექსპორტი. პოლონელ ძმებს, რომლებიც პირველივე დღიდან გვეხმარებიან, ჩვენ ყოველთვის დავეხმარებით.

ჩვენი არმია, დაზვერვა, უკრაინის უშიშროების სამსახური განაგრძობს აქტიურ მოქმედებას რამდენიმე ოპერატიულ რაიონში. ამჟამად შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს და კონტროლი დაამყარეს 30-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე ხარკოვის ოლქში. რეგიონის სოფლების ნაწილში მოწმდება ტერიტორია, თანდათან კონტროლს ვამყარებთ ახალ დასახლებულ პუნქტებზე – ყველგან ვაბრუნებთ უკრაინულ დროშას და ჩვენი ხალხის დაცვას. სასტიკი ბრძოლები გრძელდება დონბასშიც, ჩვენი ქვეყნის სამხრეთ ნაწილშიც. მივმართვ უკრაინელებს, აცნობონ ჩვენი ძალების წარმომადგენლებს, ნებისმიერი ინფორმაცია უკრაინულ მიწაზე ოკუპანტების დანაშაულების შესახებ,"- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები