17 იანვარი 2022,   01:52
ვრცლად
უვადო პატიმრობა ბავშვობის მეგობრის მკვლელობისთვის, კასპში მომხდარ სასტიკ დანაშაულზე განაჩენი დამდგარია - სკანდალური მკვლელობის ხმაურიანი პროცესი

კასპში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დღეს, სასამართლომ განაჩენი ორ პირს გამოუტანა.

მიუხედავად უარყოფისა, საუკეთესო მეგობრის მკვლელობისთვის ზურაბ კახიშვილს უვადო პატიმრობა შეეფარდა. დამნაშავედ სცნეს მოკლული ნოდარ ღუნაშვილის მეუღლეც. ქეთევან ჩხაიძეს დანაშაულის დაფარვისთვის 5-6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

მოკლული 34 წლის მამაკაცის დედა გამამტყუნებელ განაჩენს ელოდა. ხათუნა რაზმაძე დარწმუნებულია, რომ მისმა რძალმა დანაშაულიც დაფარა და მკვლელობაში ბრალდებულის თანამზრახველიც არის.

ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობიდან რამდენიმე დღეში, მისმა მეუღლემ ჩვენება მისცა, ის ქმრის მეგობართან სასიყვარულო ურთიერთობაზე და მკვლელობის დეტალებზე ღიად საუბრობს. თავს ქმრისგან ძალადობის მსხვერპლად აცხადებს და მეგობარი მამაკაცისგან ღუნაშვილზე შურისძიებასაც ამით ხსნის.
ის გამომძიებლებს დეტალურად უყვება, თუ როგორ გაიყვანა ზურაბ კახიშვილმა ღუნაშვილი სახლიდან და როგორ დაბრუნდა სისხლიანი დანით მის საკუთარ სახლში.

ჩხაიძის ამ ჩვენებას, ფარულ ურთიერთობასა და მკვლელობას, კატეგორიულად უარყოფს ზურაბ კახიშვილი. დღეს ის მოკლულის დედას მიმართავდა, რომ რეალურ მკვლელს თავადაც ეძებს.

მყარ მტკიცებულებებზე საუბრობს საქმის პროკურორი, რომელსაც საქმის მასალები გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინს უქმნიდა.

ბრალდებულების ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებისთვის ემზადებიან. მოკლულის მეუღლე მაქსიმალურ სასჯელს, მკვლელობისთვის ბრალდებული კი მთლიანად განაჩენს ასაჩივრებს.

დღის ამბები