18 ოქტომბერი 2021,   11:57
ვრცლად
სასამართლო ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობისთვის ძებნილი პირების დაუსწრებლად აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ უნდა იმსჯელოს. სხდომა ამ წუთებში იწყება.

აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ადანაშაულებენ. არაოფიციალური ინფორმაციით, 21 და 22 წლის ბრალდებულებმა ქვეყანა უკვე დატოვეს.

პროკურატურა მიმალვაში მყოფი პირების მიმართ სავარაუდოდ, ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. დაცვის მხარის პოზიცია კი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

"ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ საკმარისი მასალები იყო ბრალის წარდგენისათვის. ეს გახლავთ მოწმეთა ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები, მანქანის დათვალიერების ოქმები. ასევე ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმები. მოწმეთა საკმაოდ ვრცელი ბაზა გახლავთ წარმოდგენილი, ასევე ექსპერტიზის დასკვნები დაქსილოსკოპიური და ბიოლოგიური ექსპერტიზა," - განაცხადა ადვოკატმა, დალი ბარბაქაძემ.

ცნობისთვის, ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნილად გამოაცხადა. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა.

დღის ამბები