09 ოქტომბერი 2026,   15:13
ვრცლად
დიასპორის, კულტურისა და სპორტის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს

პარლამენტის დიასპორის, კულტურისა და სპორტის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე "საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონპროექტზე იმსჯელეს.

მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ 2027 წლის ძირითადი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები მიმოიხილა. კომიტეტების კომპეტენციის შესაბამისად, მან ყურადღება კულტურის, სპორტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების მიმართულებებით გათვალისწინებულ დაფინანსებასა და პრიორიტეტებზე გაამახვილა.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, კულტურის სამინისტროს დაფინანსება 2027 წელს 370 მილიონი ლარით განისაზღვრება, საიდანაც თანხები ძირითადად შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე მიიმართება: სახელოვნებო სფეროში უმაღლესი განათლება - 24 მილიონ ლარამდე; ინფრასტრუქტურის განვითარება - 20 მილიონი ლარი; სახელოვნებო დაწესებულებების ხელშეწყობა - 9,2 მილიონი ლარი; კულტურის განვითარების ხელშეწყობა - 211 მილიონ ლარამდე; კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და სამუზეუმო სისტემის სრულყოფა - 91 მილიონ ლარამდე.

როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, სპორტის სამინისტროს დაფინანსებაზე 382 მილიონი ლარია გამოყოფილი. მისი თქმით, სპორტული ფედერაციების დაფინანსება 50 მილიონი ლარით არის გაზრდილი, ხოლო სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 310 მილიონი ლარი მიიმართება.

პროექტის თანახმად, მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის გამოყოფილია 310 მილიონი ლარი, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის - 12 მილიონი ლარი, სასპორტო დაწესებულებების ხელშეწყობისთვის - 8,1 მილიონი ლარი, სპორტის მოღვაწეთა სოციალური დაცვის ღონისძიებებისთვის - 43,7 მილიონი ლარი.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს, მომხსენებლის განცხადებით, უწყებისთვის განსაზღვრულია 233 მილიონ ლარამდე. მათ შორის, დიასპორული პოლიტიკის მიმართულებით 1,9 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, პარლამენტის კომიტეტებში ბიუჯეტის პროექტის განხილვისას გამოთქმული წინადადებებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსია შემუშავდება.

პარლამენტის დიასპორის, კულტურისა და სპორტის კომიტეტებმა "საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.

დღის ამბები