25 ნოემბერი 2026,   14:55
ვრცლად
არჩილ გორდულაძე: ნიშანდობლივია ანა წითლიძის განცხადება, რომ მათ თურმე არ მიეცათ საკონსტიტუციო სასამართლოში ისე "უპრაგონოდ" შესვლის შესაძლებლობა, როგორც ჰქონდათ 2004-2012 წლებში

სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ განვმარტეთ, რომ  არა მარტო სასამართლო ხელისუფლება, არამედ, ყველა კონსტიტუციური ორგანო იყო "ნაცმოძრაობის" ეფექტური კონტროლის ქვეშ, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

მისი განცხადებით, ნიშანდობლივია ანა წითლიძის განცხადება იმის შესახებ, რომ მათ არ მიეცათ საკონსტიტუციო სასამართლოში 2004-12 წლების მსგავსად თავისუფლად შესვლის შესაძლებლობა მაშინ, როცა სასამართლოს შენობაში სხდომა არ მიმდინარეობს.

გორდულაძემ ყურადღება გაამახვილა წითლიძის შეფასებებზე წამების შედეგად გარდაცვლილი როინ შავაძისა და სერგო თეთრაძის მიმართ და აღნიშნა, რომ ამგვარი განცხადებები წარმოაჩენს "ნაციონალური მოძრაობის" დამოკიდებულებას წამების მსხვერპლთა მიმართ.

"მათ ავტორიტარული რეჟიმი ჰქონდათ ჩამოყალიბებული და სრულად მართავდნენ ყველას და ყველაფერს. ამიტომაც არის ის განცხადება ნიშანდობლივი, რაც დღეს გააკეთა ქალბატონმა ანა წითლიძემ, რომ მათ თურმე არ მიეცათ საკონსტიტუციო სასამართლოში ასე "უპრაგონოდ" შესვლის შესაძლებლობა, როგორც ჰქონდათ 2004-2012 წლებში, როცა სასამართლო სხდომა არ მიმდინარეობს, საკონსტიტუციო სასამართლო "ნაცმოძრაობის" ბრიფინგების გასამართი ადგილი ნამდვილად არ არის, მიუხედავად ამისა, რა დღეში ჰყავდათ სასამართლო ჩაგდებული მათ 2004-2012 წლებში. მან ისაუბრა სხვადასხვა გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით, დღესაც უტიფრად ამტკიცებდა, რომ თურმე სერგო თეთრაძე არ უწამებიათ, რაც არის აბსოლუტური ტყუილი და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მათ დამოკიდებულებას დანაშაულების, ადამიანების წამების მიმართ, ზუსტად იგივე არის შავაძის საქმესთან დაკავშირებით. მან ახსენა ორი კონკრეტული გვარი - კონცელიძე და როინიშვილი და გუშინ ამტკიცებდნენ ისინი, რომ თითქოს ჩვენება არ ჰქონდათ საგამოძიებო სამსახურებისთვის მიცემული, რაც არის აბსოლუტური ტყუილი და ამ ტყუილში გუშინვე ვამხილეთ. დღეს გამოვიდნენ და გააკეთეს უტიფარი განცხადება, მაგრამ, მთავარის თქმა დაავიწყდათ, რომ მათივე წამებლური რეჟიმის, სისტემის წარმომადგენლებსაც, ჯალათებსაც კი კონცელიძისა და როინიშვილის ჩვენებები, სადაოდ და სასამართლოს წინაშე არ გაუხდიათ და ამ ტყუილების თქმას თავი დაანებონ", - განაცხადა გორდულაძემ.

მან ასევე ისაუბრა ყინწვისის სპეცოპერაციის დროს გამოვლენილ ადამიანის უფლებათა დარღვევებზე და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ "წითლიძე გუშინ ღიმილით საუბრობდა ადამიანების წამებაზე".

​გორდულაძემ აბსოლუტური ტყუილი უწოდა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა განცხადებას იმის შესახებაც, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეზე გამოძიება არ მიმდინარეობს.

"რაც შეეხება სხვა საქმეებს, მაგალითად, ყინწვისის სპეცოპერაციის საქმე. ყინწვისის სპეცოპერაციაში 24 ადამიანი აწამეს, აყურებინეს სხვა ადამიანების წამებები, ამ წამების ქვეშ მათ, მათ წარმომადგენლებმა აიძულეს 24 ადამიანი, რომ აღიარებითი ჩვენებები მიეცათ, რაც გაბათილებულია 24-ის, 24-ვე ადამიანის მიმართ და კანონიერ ძალაშია შესული გამამართლებელი განაჩენებით. ერთ-ერთი იმის მიმართ, რომელიც გუშინაც შევახსენეთ ქალბატონ ანა წითლიძეს, რომელიც ღიმილით საუბრობდა ადამიანების წამებაზე, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც კი არსებობს, რომ მას დააძრეს ფრჩხილები, მის ზურგსა და მუცელზე იხტუნავეს და ეს წამება დადასტურებულია სტრასბურგის გადაწყვეტილებით.

რაც შეეხება ლაფანყურის ოპერაციას, აბსოლუტური ტყუილია, რომ გამოძიება არ მიმდინარეობს და ყველაზე კარგად ჯალათების წარმომადგენლებმა იციან ამის შესახებ.

საკუთრების უფლებების დარღვევაზე საუბრობდნენ ციფრებს, აბსოლუტურ ტყუილს, მაშინ როდესაც ჩვენ არაერთხელ გავაჟღერეთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდინარეობისას, რომ დაზარალებულად არის 498 ადამიანი ცნობილი, აქედან 335-ს უკვე საკუთრებები დაუბრუნდა [ქონება], დანარჩენებთან დაკავშირებით წარმოება მიმდინარეობს, ასობით არის იმ განცხადებების რაოდენობა, რომელიც საგამოძიებო კომისიის მიმართ არის შემოსული პარლამენტში, რომელიც გაგზავნილი არის ისევ პროკურატურისათვის შემდგომი რეაგირებისათვის, დაახლოებით 67 მილიონი ლარი არის, რაც დაზარალებულებს უნდა აუნაზღაურდეთ და იმ ასობით უძრავ ქონებას, იქნება ეს მიწის ნაკვეთები თუ ბინები, შვეულმფრენები, 88 ავტომობილი, ამაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

ვეტერანების ძალადობის საქმე, ზილების სპეცოპერაციის საქმე, აფრასიძეების სპეცოპერაციის საქმე -  შვეულმფრენებით რომ მძინარე ბავშვებს, არასრულწლოვნებს რომ დაუშინეს ასაფეთქებლები, ამ ყველაფერს "ნაცმოძრაობის" წარმომადგენელი დღეს ბრიფინგზე ამართლებდა. რა გაბათილდა? აღარ არსებობს 2004-2012 წლები, როცა პოლიტიკურ პარტიას შეეძლო მიეღო პოლიტიკური გადაწყვეტილება ადამიანების მსჯავრდების, ადამიანებისათვის განაჩენის გამოტანის, მათ შორის ადამიანების წამების მიმართ და ერთხელ და სამუდამოდ კარგად უნდა დაიმახსოვრონ მათ ადამიანებმა, რომ მათი რეჟიმი ვერანაირად ვერასდროს ვერ დაბრუნდება. ასევე სიმპტომატურია მათი ეს უტიფარი განცხადება, რადგან თვითონ გადაწყვიტეს, რომ ეს გაბათილდა, ეს არის მცდელობა, რომ ისევ და ისევე თავიანთი ბელადის, მიხეილ სააკაშვილის წინაშე წარმოაჩინონ საკუთარი თავი, ვითომ მათ ყველაფერი გააკეთეს და ეს არის მათი მხარდამჭერების გულის მომაგრების მცდელობა, მიუხედავად იმისა, რომ 18 დღის განმავლობაში საზოგადოებამ კარგად ნახა, რომ ისინი ვერც ერთ კითხვას ვერ პასუხობენ და ყოველ დღე, ფაქტობრივად ისინი თვითაკრძალვის რეჟიმში იყვნენ, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობის" სახელით მოსაუბრე ანა წითლიძე, რომელიც ამბობდა, რომ 4 ოქტომბერს იგი იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი და ერთადერთი, რასაც ნანობს არის, რომ მათ დაგეგმილი საქმე, ანუ კონსტიტუციური წყობილების დამხობა ბოლომდე სისრულეში ვერ მიიყვანეს და შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, კიდევ იმავეს გააკეთებს. ამასვე საუბრობდა იგი სხდომის მიმდინარეობისას. შემდეგ იმის მტკიცება, რამდენად რეალურია მათგან მომავალი საფრთხე, საერთოდ აღარ მოგვემართება ჩვენ, თვითონვე დაადასტურეს, რომ ყველაფერ გააკეთებენ იმისათვის, დაამყარონ ისეთივე რეჟიმი, როგორც 2004-2012 წლებში იყო", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

დღის ამბები