26 თებერვალი 2021,   22:21
ვრცლად
შეუძლებლად მიმაჩნია ერთიანად ყველა შეზღუდვის მოხსნა, თუმცა, გარკვეული შემსუბუქების დრო ნამდვილად დადგა - ინფექციონისტი ოთარ ჩოკოშვილი

შეზღუდვების ერთბაშად შემსუბუქებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან სპეციალისტები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ თუ ყველა რეგულაცია ერთბაშად მოიხსნება, მესამე ტალღა ქვეყანაში გარდაუვალი იქნება.

ექიმები ფიქრობენ, რომ რეგულაციების შემსუბუქება ეტაპობრივად, ფრთხილად და წესების მაქსიმალურად მკაცრი დაცვით უნდა დაიწყოს. მაგალითად, მუშაობა ტრანსპორტმა უნდა აღადგინოს უმკაცრესი კონტროლით, ნიღბებით და ნაკადების მართვით.

"ჩვენ საკუთარი გამოცდილებით ძალიან კარგად მოგვეხსენება, რომ რეგულაციების სრული მოხსნა გარკვეულ დროში, დაახლოებით, 1-2 თვეში იწვევს მდგომარეობის ძალიან ცუდი მიმართულებით წასვლას და შემდგომ გართულებებს.

პირადად მე, შეუძლებლად მიმაჩნია ერთიანად ყველაფერი მოიხსნას, თუმცა, გარკვეული შემსუბუქების დრო ნამდვილად დადგა. უნდა შემსუბუქდეს შეზღუდვები და თანდათანობით, მონიტორინგით უნდა მივაღწიოთ იმ ოპტიმალურ მდგომარეობას, როცა ჩვენ შევძლებთ მაქსიმალურად გავხსნათ ყველაფერი ისე, რომ არ დავზიანდეთ,"- აცხადებს ინფექციონისტი ოთარ ჩოკოშვილი

ექიმი გიორგი ღოღობერიძე მიიჩნევს, რომ შესაძლებელია, რეგულაციების დაცვით გაიხსნას კურორტები და ღია ტიპის რესტორნებიც. 

"შემთხვევები რადიკალურად შემცირდა, მაგრამ ჩვენთან უკვე დაფიქსირებულია ბრიტანული შტამი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ხელაღებით მოვხსნით ყველა შეზღუდვას, შეიძლება იმავე მდგომარეობაში ჩავვარდეთ, როგორშიც ვიყავით დეკემბერში.

თუმცა, ხაზს ვუსვამ იმ მდგომარეობას, რომ შეზღუდვების ნაწილი უნდა შემსუბუქდეს, რაც შეიძლება იყოს კურორტები, რადგან თუ დაცული იქნება წესები, არ გაიზრდება შემთხვევების რაოდენობა, ეს არის ტრანსპორტის დაშვება, განსაკუთრებით ავტობუსების და ღია წესის რესტორნები," - აცხადებს ექიმი. 

დღის ამბები