29 სექტემბერი 2020,   11:15
ვრცლად
რა უნდა გაკეთდეს მოსკოვის აგრესიის შესაკავებლად - აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგ კონდოლიზა რაისი იმ პროცესებზე საუბრობს, რომელთა აქტიური მონაწილე თავად იყო

როგორ შევაკავოთ რუსული აგრესია? - ეს შეკითხვა ომიდან 12 წლის თავზეც ისევე აქტუალურია, როგორც პირველ დღეებში. ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მოვლენების მონაწილის, ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივნის პასუხი ასე ჟღერს: "ნატოს ამ მხრივ გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია".

თუმცა, კონდოლიზა რაისის სიტყვებს თუ დავეყრდნობით, საქმე მხოლოდ ნატოში არაა. პოლიტიკოსი,რომელსაც 2008 წლის სამხედრო აგრესიის დარეგულირებაში არც თუ ისე უმნიშვნელო როლი მიუძღვის, დღესაც თვლის, რომ მათ ვისაც გეოპოლიტიკამ ხელსაყრელი პირობები არ არგუნა, იმის გააზრება მართებთ, რომ ქვეყანა სწორედ მათი ასაშენებელია,პარტნიორებს მხოლოდ დახმარება თუ შეუძლიათ - შესაბამისად საქართველოს ძალისხმევის მნიშვნელოვან ნაწილად შიდა დემოკრატიის გაძიერებას მიიჩნევს.

ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე რუსეთის შეკავების საკითხი იმ კონტექსტშიც განიხილეს,რომ პუტინმა ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტობა 2036 წლამდე გაინაღდა, უცვლელი პოლიტიკის პირობებში კი საქართველოსთვის ეს განგრძობადი საფრთხეა. ანალიტიკოსები რუსეთის შეკავების ერთერთ კომპონენტად გერმანიიდან ამერიკული ჯარების ბალტიისპირეთში, პოლონეთსა და შავი ზღვის მახლობლად გადაყვანას უკვე მიიჩნევენ. ხანგრძლივ პერსპექტივაში კი ნატოს წევრობა, მანამდე კი რუსეთზე ზეწოლა და სამხედრო ძალების გაძლიერება ანალიტიკოსების რეცეპტია.

საგარეო საკითხებზე მომუშავე პარლამენტარები კონდოლიზა რაისის გზავნილებში იმას კითხულობენ, რომ საერთაშორისო მხარდაჭერის იმედი საქართველოს იმ შემთხვევაში უნდა ჰქონდეს, თუ მთავრობა კარგი მმართველობის გაძლიერებას მოემსახურება და არა პირიქით. ოპოზიცია ამავდროულად იმ აზრზეა, რომ ქვეყნის საგარეო ფლანგი დასუსტდა და ამ მხრივ გამოსავალი მხოლოდ განსაკუთრებული აქტიურობაა.

ხელისუფლება არ თვლის, რომ საგარეო მიმართულებით მათი მუშაობა არაეფექტურია და ამავდროულად საკუთარ მიდგომებს პარტნიორების რჩევებთან და ხედვებთან აიგივებენ. მათი თქმით, რუსული აგრესია კავკასიაში პოზიციების გაძლიერებას ემსახურება და მოსკოვი საქართველოსთან ერთად მთელ დასავლეთთანაა დაპირისპირებული.

ქვეყნის ისტორიაში ტრაგიკული თარიღის მოახლოვებასთან ერთად, სულ უფრო ხშირი ხდება პარტნიორების განცხადებები. გერმანიის ელჩის თქმით, 2008 წელი ყველას ახსოვს და კონფლიქტის მოგვარების საკითხში გერმანიის ჩართულობა კვლავ ძალაშია. დიპლომატი თვლის,რომ 12 წლის წინანდელ პროცესებზე ბევრი იქნება სამსჯელო პარასკევს, გაეროს უშიშროების საბჭოს სპეციალურ სესიაზეც.

საქართველოს მხარდამჭერი გზავნილი ჰქონდა დღეს რესპუბლიკელ კონგრესმენს ჯონ კატკოს, ვინც რუსეთის აგრესიულ ქმედებებს კიდევ ერთხელ გმობს. ხაზს უსვამს ამერიკის მოკავშირეებთან პარტნიორობის აუცილებლობას და მათ დახმარებას რუსეთის მხრიდან პირდაპირ და კიბერთავდასხმების პრევენციისთვის.

დღის ამბები