08 აგვისტო 2020,   10:47
ვრცლად
"გიორგი შაქარაშვილი აგარაკის შემდეგ აღარ მინახავს" - შსს-ში ბარბარე ურიდიას დაკითხვა დასრულდა

შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხვა დასრულდა. დღეს უწყებაში კიდევ რამდენიმე მოწმე დაიბარეს.

მათ შორის ერთ-ერთი მოწმე იყო ბარბარე ურიდია, რომელიც ნარეკვავის დასახლებაში იმ დროს იმყოფებოდა, როცა ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. ურიდია ამბობს, რომ გიორგი შაქარაშვილი აგარაკის შემდეგ აღარ უნახავს.

"კურიერის" ინფორმაციით გამომძიებლებს ბარბარე ურიდიას სატელეფონო ზარები აინტერესებდათ.

"გადაადგილების დეტალები იყო დასაზუსტებელი, რა დროს სად ვიყავით და ა.შ. ყველაფერი გამოძიების შემდეგ გახდება ცნობილი. მე გიორგი შაქარაშვილი, ნარეკვავში აგარაკის შემდეგ აღარ მინახავს,"- განაცხადა ბარბარე ურიდიამ.

საქმეს ხუთი ტომი და ცალკე ელექტრონული მასალები დაემატა. ვახტანგ ჩიქოვანის და ნიკა ჟვანიას ადვოკატი არჩილ ბერიანიძე აცხადებს, რომ საქმის მასალებს სრულად ჯერჯერობით არ იცნობს, რადგან საკმაოდ მოცულობითია და დეტალების გაცნობის შემდეგ გაირკვევა, შსს-მ რა ახალი დეტალები გამოკვეთა, კონკრეტულად ამ სისხლის სამართლის საქმეში.

"მასალების გაცნობა, სრულყოფილად არ დაგვისრულებია. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს 5 ტომი და ცალკე ელექტრონული მასალა დაემატა. რამდენიმე საათში კი მასალის სრულყოფილად გაცნობა შეუძლებელი იყო. რა გარემოებები გამოკვეთა შსს-მ და რა დეტალები გაირკვა ამასთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია უახლოეს მომავალში გვეცოდინება,"- განაცხადა არჩილ ბერიანიძემ.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. რამდენიმე დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

ავტორი: სალომე უერთაშვილი

დღის ამბები