09 ნოემბერი 2026,   11:15
ვრცლად
როგორ გადანაწილდება 600 მლნ ლარი, რომელიც ბიზნესის მხარდასაჭერად გამოიყო - ნათია თურნავას განმარტება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ "დღის კურიერის" პირდაპირ ეთერში იმ 600 მილიონი ლარის გადანაწილებაზე ისაუბრა, რომელიც ბიზნესის მხარდასაჭერად გამოიყო. მინისტრის თქმით, ამ თანხის ნაწილი მოხმარდება ბანკების დაფინანსებას იმისთვის, რომ მათ, თავის მხრივ, მაღალი რისკების მიუხედავად, კერძო სექტორის დაფინანსება შეძლონ. 

"სერიოზული პრობლემა, რომელიც ახლა წარმოექმნა ბიზნესს და, მათ შორის, მცირე ბიზნესს განსაკუთრებით, ეს არის ფინანსების ხელმიუწვდომლობა ბანკებიდან. ბანკებს გაეზარდათ რისკები და შემცირდა შემოსავლები ბიზნესში. იმისთვის, რომ ბანკებსა და მცირე ბიზნესს შორის ხიდი ფუნქცია შესრულდეს, ბანკებს სჭირდებათ დამატებით დაფინანსება. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან ეს დაფინანსება, ნაწილობრივ, მიდის ბანკებში, ხოლო 600 მილიონი ლარი, რაც თქვენ ახსენეთ, ეს არის ის გრძელვადიანი ლარის რესურსი, რომელსაც სახელმწიფო მიაწვდის კომერციულ ბანკებს იმისთვის, რომ ეს თანხა ბანკების გავლით ჩაბრუნდეს უკან კერძო სექტორში,"- განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის მოსაზრებით, უახლოესი თვეებისა და წლების მანძილზე სოფლის მეურნეობა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის პრიორიტეტული სფერო იქნება.

მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაახლა აგროკრედიტის პროგრამა, რომელსაც უახლოეს მომავალში დეტალურად წარმოადგენს. ნათია თურნავას თქმით, "აწარმოე საქართველოშის" ერთ-ერთი პრიორიტეტიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავება იქნება. 

"სოფლის მეურნეობის მიმართულება და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი სექტორის იქნება პრიორიტეტი ჩვენი პროგრამების. სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც აქვს აგროკრედიტის განახლებული პროგრამა და ჩვენც, "აწარმოე საქართველოში" გვაქვს განახლებული პროგრამა. სოფლის მეურნეობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი მოცულობითი რესურსი წავა, გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე ეს კრიზისამდე იყო დაგეგმილი. რაც შეეხება იმ 600 მილიონი ლარის გრძელვადიან რესურსს, ჩვენი საბანკო სექტორი არის ძალიან გამართული, არის ლიდერი ძალიან ბევრი საერთაშორისო რეიტინგის, აქვს კარგი კომპეტენცია და ისინი ამას საჭიროებისდა მიხედვით იმ დარგებში გადაანაწილებენ, სადაც შეიქმნა განსაკუთრებული პრობლემა, მათ შორის, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში. სახელმწიფო აძლევს იმის საშუალებას ბანკებს, რომ გაწიოს ეს რისკები და მიაშველონ რესურსი ბიზნესს.

ფერმერული მეურნეობა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავებასთან დაკავშირებული მეურნეობა პირველადი მეურნეობა იქნება ის დარგები, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი პრიორიტეტი იქნება, არამედ მსოფლიოში უახლოესი თვეები და წლები იქნება ძალიან მოთხოვნადი. რადგან ქვეყნები, ამ პოსტკორონა პერიოდში, სულ უფრო მეტ აქცენტს გააკეთებენ სასურსათო რესურსის განვითარებასა და სასურსათო უსაფრთხოებაზე.

საქართველო არ არის გამონაკლისი. საქართველო არის ერთ-ერთი პირველი, სადაც მთავრობამ ამ თემაზე საუბარი დაიწყო. უკვე 2 თვის წინ ჩვენ დავიწყეთ საუბარი და გარკვეული ქმედებები მიმართული იმისკენ, რომ ჩვენი საკუთარი სასოფლო სამეურნეო რესურსი და აგრარული ბიზნესი წინა პლანზე წამოვწიოთ,"-განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები