26 ნოემბერი 2020,   20:28
ვრცლად
შიდა გადაცემის მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდია დაფიქსირებული, სულ 5-6. ეს ბევრი არ არის - თენგიზ ცერცვაძე

ლუგარის ლაბორატორიიდან ინფექციურ საავადმყოფოში 6 პაციენტის ანალიზის შედეგებს ელოდებიან. გაიზრდება თუ არა ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა, ეს დღის ბოლოს უნდა გაირკვეს.

მანამდე ცნობილი ხდება, რომ შიდა გადაცემის პირველი ფაქტების დაფიქსირების შემდეგ გაიზარდა იმ პირთა წრე, რომლებიც რისკჯგუფში შედიან და რომლებთანაც დაინფიცირებულებს კონტაქტი ჰქონდათ.

ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 27 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 4-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ისინი მაღალი ასაკობრივი კატეგორიის ჯგუფს მიეკუთვნებიან და სხვადასხვა ქრონიკული დაავადება აქვთ.

"შიდა გადაცემის მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდია დაფიქსირებული, სულ 5-6. ეს ბევრი არ არის. ჯერ არ დაფიქსირებულა გავრცელების ის ტიპი, როდესაც პიროვნება ინფიცირდება და არ იცის, ვისთან ჰქონდა კონტაქტი. მათი წრე ცნობილია და იმით განსხვავდება საშიში სიტუაციისგან, რომ იციან ვისგან გადაედოთ და მათთან მუშაობენ ეპიდემიოლგები," - აცხადებს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

ამ დროისთვის "კოვიდ 19"-ის სიმპტომებით მკურნალობას საჩხერის საავადმყოფოში 3 ადამიანი განაგრძნობს. ექიმების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. პარალელურად, 40 ადამიანი რჩება საჩხერის სასტუმროში არსებულ საკარანტინო სივრცეში. ყველა მათგანის მდგომარეობა, მედიკოსებით თქმით, დამაკმაყოფილებელია და კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნებათ.

"ბოქსირებულ პალატებში მკურნალობას განაგრძობს სამი პაციენტი. მათთან მსუბუქი ფორმით იყო გამოხატული დაავადების სიმპტომატიკა. ამჟამად პაციენტები თავს კარგად გრძნობენ, რაიმე გართულება დაავადებების მხრივ არ აღენიშნებათ," - აცხადებს საჩხერის სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერი მაია ხელაძე.

"ამ დროისათვის საჩხერის სასტუმროში არის 40 ადამიანი, ერთმა პიროვნებამ დაგვტოვა, რადგან გაუვიდა 14 დღიანი საკარანტინო ვადა. დარჩენილებიდან თავს ყველა კარგად გრძნობს, რაიმე სიმპტომები ან გართულებები არ აღენიშნებათ, შესაბამისად ისინიც ამ ორკვირიანი ვადის გასვლას ელოდებიან," - აცხადებს საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორი მიხეილ ქამუშაძე.

დღის ამბები