ამცირებდნენ, სცემდნენ, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ - ამ მეთოდებით, თბილისში 7 კაციანი დაჯგუფება, მოქმედებდა. მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.
სასტიკი ძალადობის ეს კადრები თავად მოძალადეებმა გადაიღეს, შემდეგ კი სოციალურ ქსელში ატვირთეს. მასალის გავრცელების მიზანი მსხვერპლებზე ფსიქოლოგიური ძალადობა იყო. თავად კი დარწმუნებულები იყვნენ რომ მათი იდენტიფიცირება ვერ მოხდებოდა . ჩანაწერებში ჩანს რომ როდესაც მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, სახეზე ნიღბები, ხელზე კი ხელთათმანები ეკეთათ.
მათი ვინაობა პოლიციამ დაადგინა და დაჯგუფების წევრების დასაკავებლად მასშტაბური საპოლიციო ღონისძიება დაიგეგმა. სამართალდამცველებმა შვიდივე სხვადასხვა მისამართზე აიყვანეს.
დაჯგუფებამ დანაშაულებრივი სქემა შეიმუშავა. გადაწყვიტეს რომ მატერიალური სარგებელი, სასტიკი ძალადობით მიეღოთ.
მოქალაქეებზე თავდასხმის გეგმა ასეთი იყო. დაჯგუფების წევრებმა სოციალურ ქსელში გოგოების პროფილები შექმნეს, ყალბი გვერდებით ახალგაზრდა მამაკაცებს წერდნენ, ეცნობოდნენ და ბოლოს შეხვედრაზე ითანხმებდნენ. დათქმულ დროს და ადგილას მისული მოქალაქეები მალევე, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ხდებოდნენ, პაემანზე მისულებს, ცივი იარაღებით და ბასრი საგნებით შეიარაღებული დაჯგუფება ხვდებოდათ. ნაცემებს თანხას და პირად ნივთებს ართმევდნენ.
კურიერმა გაარკვია რომ მოქალაქე რომელსაც, ამ კადრების მიხედვით თმებზე ცეცხლს უკიდებენ 20 წლის ბიჭია. ახალგაზრდა, რუსთაველის მეტროსთან იმ იმედით მივიდა რომ სოციალური ქსელით გაცნობილ გოგოს შეხვდებოდა, თუმცა ადგილზე მისულს დაჯგუფების წევრები დახვდნენ, მოფარებულ ადგილას გაიყვანეს, სცემეს, დაამცირეს და პირადი ნივთები წაართვეს.
დაჯგუფების წევრები ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორებში არიან, მათ ადვოკატებს საქმის მასალები უკვე ჩაბარდათ. კურიერის ინფორმაციით შვიდიდან ორი 177-ე მუხლით ქურდობის ბრალდებით უკვე ნასამართლევია.
ბრალი უკვე ოფიციალურად წარედგინათ, საქმეზე უახლოეს საათებში სასამართლო იმსჯელებს.
კურიერის ინფორმაციით, სასტიკი ძალადობის კვალზე სამართალდამცველები დაზარალებულების მიმართვის შედეგად გავიდნენ. ამ ეტაპზე საქმეში ათი დაზარალებულია. მათ შორის, ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე.