საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ სინგაპურში, აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური ფორუმის ფარგლებში, ქართული სტარტაპების სტენდები დაათვალიერა და მათ მიერ შექმნილ ინოვაციურ ტექნოლოგიურ პროდუქტებს გაეცნო.
"საქართველო წარმოდგენილია ნაციონალური პავილიონით. აქ არიან სტარტაპები, რომლებმაც უკვე რამდენიმე გარიგება დადეს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ კომპანიებთან. მოეწყო პანელური დისკუსია, სადაც ფართოდ წარმოვაჩინეთ საქართველოს, როგორც მიმდინარე ეკონომიკური წარმატება და რეფორმები, ასევე, უშუალოდ ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში ის შეთავაზება, რაც საქართველოს აქვს გლობალური ინვესტორებისთვის", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა.
სინგაპურის ინოვაციების და ტექნოლოგიების კვირეულის ფარგლებში, საქართველო წელს პირველად არის წარმოდგენილი. SWITCH 2026 საერთაშორისო ტექნოლოგიური ფორუმია, რომელიც სტარტაპებს, ინვესტორებს, ტექნოლოგიურ კომპანიებსა და ეკოსისტემის წარმომადგენლებს საერთაშორისო თანამშრომლობისა და ახალი ბიზნესკავშირების დამყარების შესაძლებლობას აძლევს.