24 ნოემბერი 2020,   19:23
ვრცლად
საბანკო ანგარიშებიდან მითვისებული ათობით ათასი ლარი - რა სქემით მოქმედებდნენ დამნაშავეები

დანაშაულს, რომლის დეტალებსაც ერთ-ერთი ბრალდებულის ოჯახის წევრი "კურიერთან" ყვება, ათობით დაზარალებული ჰყავს. ბათუმში ჩატარებული ოპერაციის დროს პოლიციამ ორი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა. მათ სხვადახვა ინტერნეტტოტალიზატორის საშუალებით       22 000 ლარი მიითვისეს.

გამოძიება დამნაშავეების კვალზე მას შემდეგ გავიდა, რაც რამდენიმე დაზარალებულმა პოლიციას მიმართა. მათი ინფორმაციით, თაღლითური სქემის ორგანიზატორები ყველა შემთხვევაში ღამით მოქმედებდნენ. უკანონო ტრანზაქციები იმ დროს ხდებოდა, როცა დაზარალებულები ბანკის პირად ანგარიშებს არ იყენებდნენ.

ბათუმის გარდა, დაკავების ოპერაცია თბილისშიც ჩატარდა. პოლიციამ ელდინო ვერულიძე და მისი მეგობარი მამაკაცი დავით ჭაჭუა დროებითი საცხოვრებელი ბინიდან აიყვანა. როგორც ირკვევა, თაღლითური სქემის ორგანიზატორები მოქალაქეებს "თიბისი ბანკის" სახელით უკავშირდებოდნენ და სხვადასხვა ტიპის სესხებს სთავაზობდნენ. უცხო ადამიანების ნდობის მოპოვების შემდეგ მოტყუებით დაეუფლნენ პირად მონაცემებს და კომერციულ ბანკებში სესხებს იმტკიცებდნენ. ამ გზით მათ 20 000 ლარი მიითვისეს.

პოლიციამ ერთდროულად ორი თაღლითური სქემის 4 ორგანიზატორი დააკავა. ბრალდებულების ჩხრეკის დროს ამოღებულია 1000-მდე ადამიანის პირადი მონაცემი. საუბარია 42 000 ლარის ზარალზე.

რამდენიმეთვიანი მუშაობის მიუხედავად, ყველა დაზარალებულის იდენტიფიცირება ჯერ ვერ მოხერხდა. "კურიერის" ინფორმაციით, ყველა დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

დღის ამბები