25 ნოემბერი 2026,   12:32
ვრცლად
საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ხორციელდებოდა არაერთი დამაზიანებელი ქმედება, მათ შორის, საინფორმაციო ომისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით - დავით არჩვაძე

პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს ისმენს. სუს-ის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ წარადგინა. დავით არჩვაძემ გასული წლის განმავლობაში, ქვეყნის წინაშე არსებულ უსაფრთხოების ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა. 

"გასული წლების მსგავსად, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში ცალკეული საგარეო და შიდა აქტორების მხრიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეების დონე კვლავ მაღალ ნიშნულზე იყო შენარჩუნებული. საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ხორციელდებოდა არაერთი დამაზიანებელი ქმედება, მათ შორის, საინფორმაციო ომისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით.

მაგალითად, 2025 წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი ქვეყანაში გეგმავდა სამოქალაქო არეულობის პროვოცირებას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო.

ჩვენ მიერ შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით გატარებული ღონისძიებების შედეგად თავიდან იქნა აცილებული აღნიშნული მცდელობა, დავაკავეთ და ბრალი წარვუდგინეთ ძალადობრივ აქციებში ჩართულ პირებსა და ორგანიზატორებს.

გასული წელი გამორჩეული იყო სხვადასხვა აქტორების მხრიდან საინფორმაციო ომის ინსტრუმენტების გამოყენებით წარმოებული დამაზიანებელი საქმიანობის მხრივ. დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი ცნობილი უცხოური მედიასაშუალებაც კი გახდა, თუმცა ჩვენ დაუყოვნებლივ ჩავატარეთ გამოძიება და მოვახდინეთ საზოგადოების დროული ინფორმირება", - დავით არჩვაძე. 

დღის ამბები