23 ნოემბერი 2026,   12:53
ვრცლად
დავით მათიკაშვილი: ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას გამოიტანს და არაკონსტიტუციურ ძალებს ქართული პოლიტიკური სპექტრიდან გაიყვანს

საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები ხვალ განახლდება. 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე, 24 ნოემბერს, პროცესი ისევ პაექრობის ეტაპით გაგრძელდება.

მოსარჩელეებს შეკითხვებს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დაუსვამენ, რომელთა კითხვების უდიდესი ნაწილი პლენუმმა წინა 2 სხდომაზე უკვე მოხსნა. მიზეზი მათი პოლიტიკური შინაარსი იყო. სასამართლომ მიიჩნია, რომ სააკაშვილის პარტია პროცესის გაჭიანურებას მიზანმიმართულად ცდილობს, სწორედ ამიტომ მიიღო "ნაციონალურმა მოძრაობამ" არაერთი გაფრთხილებაც.

მიმდინარე განხილვები მოსარჩელეებს არწმუნებს, რომ ოპოზიციას საკუთარი პოზიციების დასაცავად მტკიცებულებები არ გააჩნია და ამიტომაც იყენებს საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნას პოლიტიკური განცხადებებისთვის.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, კიდევ ერთხელ დამტკიცდა საზოგადოებისთვის, რომ აგენტურის ადგილი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ არის, რადგან არცერთ კონკრეტულ ბრალდებაზე მათ პასუხი არ გააჩნიათ.

"საკონსტიტუციო სასამართლოში კიდევ ერთხელ დადგინდა, დამტკიცდა, მთელი საზოგადოებისთვის, რომ აგენტურის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის. ეს არის ის
არაკონსტიტუციური ძალა, რომელიც ვერაფრით იმართლებს თავს ქვეყნის ხალხის მიერ
მისადმი წაყენებულ იმ პრეტენზიაზე, იმ სარჩელზე, რომელიც საზოგადოებამ კარგად იცის.

წლების განმავლობაში, ათწლეულების განმავლობაში ჯერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს და შემდეგ ოპოზიციაში ყოფნისას, უხეშად არღვევდნენ კონსტიტუციას, ფეხქვეშ თელავდნენ მას, ყველაფერს აკეთებდნენ კოლექტიური "ნაცმოძრაობა" და მისი წევრები, რომ საქართველო დაზიანებულიყო. ამ ბრალდებებზე არ აქვთ პასუხი საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას გამოიტანს და ამ არაკონსტიტუციურ ძალებს გაიყვანს ქართული პოლიტიკური სპექტრიდან", - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები