"ლელოს" წევრმა გიორგი სიორიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, სადაც 5 ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეს განიხილავენ, განაცხადა, რომ აქციებზე დაკავებული ყველა პირის საქმეს არ იცნობს, მაგრამ ისინი უკანონოდ არიან დაკავებულები.
"კონკრეტულ ადამიანებზე, ყველაზე ერთად ვერ ვისაუბრებ, იმიტომ, რომ ზუსტ ინფორმაციას არ ვფლობ იმ ადამიანებზე და არ ვიცი მათი სისხლის სამართლის საქმეები. მე არ ვიცი მათ რა მუხლი აქვთ. პოლიტიკური დევნილი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც კონკრეტული ქმედება აქვს ჩადენილი, მაგრამ აქვს სხვადასხვა კვალიფიკაცია", - აღნიშნა გიორგი სიორიძემ.
გიორგი სიორიძეს მოსამართლეებმა ჰკითხეს, ანსხვავებს თუ არა პოლიტიკურ პატიმრებსა და ე.წ. სინდისის პატიმრებს ერთმანეთისგან, რაზეც სიორიძემ განაცხადა, რომ ანსხვავებს.
"პოლიტიკური ლიდერები მაგალითად, რომლებიც ისხდნენ ციხეში, რომლებიც სხედან ციხეში პოლიტიკური მიზნით, ისინი არ არიან "სინდისის პატიმრები", ისინი არიან პოლიტიკური პატიმრები. "სინდისის პატიმრები" მოგახსენეთ ვინც არიან, იმ აქციებზე დაპატიმრებული ადამიანები, რა თქმა უნდა, ისინიც არიან პოლიტიკური ნიშნით, უბრალოდ "სინდისის პატიმრები", ასეთი დამკვიდრებული ეპითეტი არის. პოლიტიკოსები, როგორც წესი არ არიან. კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის დროს დაპატიმრებულები ამ აქციებზე, რომელზეც ძალადობდა სახელმწიფო დემონსტრანტების წინააღმდეგ. სინდისის პატიმრებს როდესაც ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ უკანონოდ", - განაცხადა გიორგი სიორიძემ.