ორმაგი სტანდარტი და მიკერძოებული მიდგომა ევროკავშირის მხრიდან - ასე აფასებს მმართველი გუნდი სლოვენიის მმართველი კოალიციის გადაწყეტილებას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღებასთან დაკავშირებით. თბილისში აცხადებენ, რომ ის, რაც დღემდე კრიტიკის მიზეზია საქართველოს შემთხვევაში, დეკმორატიის დაცვად ითვლება თუ საქმე ევროკავშირის ქვეყნებს ეხება.
სლოვენიაში საარჩევნო კამპანია აეკრძალებათ იურიდიულ პირებს, რომლებსაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთიდან დაფინანსება აქვთ მიღებული. რეფერენდუმებთან დაკავშირებული სააგიტაციო საქმიანობა შეეზღუდებათ არასამთავრობოებსაც.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ნებისმიერი პასუხისმგებლიანი სახელმწიფოს ვალია სუვერენიტეტის დაცვა.
"ნებისმიერი სახელმწიფოს, პასუხისმგებლიანი ხელისუფლების ვალი არის, რომ დაიცვას თავისი ქვეყნის სუვერენიტეტი. ეს იყო სწორედ ის ნაბიჯი, რომელიც ამ მიმართულებით ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგა.
დღევანდელ დღეს ყველა სახელმწიფო აღიარებს, რომ ერთ-ერთი უზარმაზარი საშიშროება, რაც შეიძლება დაემუქროს ქვეყნის სუვერენიტეტს, არის სწორედ ის უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ ერევიან ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში.
ცოტა ხნის წინ ვიყავით ასევე ჩეხეთში, სადაც ასევე მუშაობენ გამჭვირვალობის კანონზე და რომელსაც როგორც თქვეს, მომავალ წელს უკვე მიიღებენ და შესაბამისად, ჩვენ რაღაც გამოცდილებებიც გავუზიარეთ მათ.
ორი წლის წინ საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხრიდან რომ არ ყოფილიყო ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება და ისეთი აქციები არ დაეორგანიზებინათ მათ, მეტ ქვეყანას ექნებოდა მსგავსი კანონი უკვე მიღებული ევროპაში", - აცხადებს შალამბერიძე.