5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე - საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა გრძელდება. სასამართლომ არ დააკმაყოფილა "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნა - პარტიის წარმომადგენლებმა დააყენეს შუამდგომლობა გარკვეული შეკითხვების თავიდან არიდების შესახებ, ასევე დაზუსტებულიყო კონკრეტულად ვის რა შეკითხვა მიემართება.
გადაწყვეტილება სხდომაზე მოსამართლეთა პლენუმის თავმჯდომარემ განმარტა. მანამდე კითხვები დაუსვეს "ლელოს" წარმომადგენლებს. დაისვა არაერთი კითხვა, მათ შორის, აღიარებენ თუ არა, რომ აქციებს ჰქონდა ძალადობრივი ხასიათი, მიიჩნევენ თუ არა ძალადობის საქმეებზე დაკავებულებს პოლიტპატიმრებად, როგორ განმარტავენ მათი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან არჩევნების დღეს გაკეთებულ მოწოდებებს, ემიჯნებიან თუ არა ალეკო ელისაშვილის ქმედებებს, რომელიც ტერორიზმის მუხლით არის დაკავებული.
მოსამართლეების კითხვების საპასუხოდ, "ლელოს" წარმომადგენელმა გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ 4 ოქტომბრის აქციაზე ძალადობის ცალკეული გამოვლინებები იყო.
"[აქციებზე ] ცალკეული გამოვლინებები იყო, რაც იყო ჩვენთვის მიუღებელი... ცალკეული გამოვლინება არ არის აუცილებელი იყოს ერთი პირი, შეიძლება იყოს რამდენიმე პირი, ოღონდ ეს აქციას ავტომატურად ძალადობრივად არ აქცევს", - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიცია ცდილობს თავი აარიდოს მოსამართლეების შეკითხვებს მნიშვნელოვან თემებზე, რადგან მათ არც პასუხები აქვთ და არც არგუმენტები.