სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტმა წარმატებით გაიარა სერტიფიცირების პროცესი და ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტის - ISO 9001:2015-ის სერტიფიკატი მოიპოვა. შედეგად, სააგენტოში ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტი უკვე დანერგილია საქმიანობის სამივე ძირითადი მიმართულებით - სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში.
2023–2024 წლებში, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სერტიფიცირების ორგანომ URS (UNITED REGISTAR OF SYSTEMS), ISO 9001:2015-ის სერტიფიკატები ეტაპობრივად მიანიჭა სააგენტოს სურსათის უვნებლობისა და ვეტერინარიის მიმართულებებსაც.
"ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატის მიღება ჩვენი უწყებისთვის მნიშვნელოვანი მიღწევა და აღიარებაა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო მუდმივად ზრუნავს ინსტიტუციურ განვითარებაზე, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებასა და მართვის სისტემების სრულყოფაზე. ჩვენი მიზანია საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მომხმარებელთა ინტერესების დაცვა", - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი იაკობაშვილმა.
ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია, რომელიც განსაზღვრავს ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანი მართვის, პროცესების კონტროლის, რისკებისა და შესაძლებლობების შეფასებისა და მუდმივი გაუმჯობესების მოთხოვნებს.
აღნიშნული სტანდარტის შესაბამისად სერტიფიცირება ადასტურებს, რომ სააგენტოს შესაბამის მიმართულებებში დანერგილი ხარისხის მართვის სისტემა აკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს. ეს ხელს უწყობს სამუშაო პროცესების თანმიმდევრულ მართვას, ადამიანური და ინფრასტრუქტურული რესურსების ეფექტიან გამოყენებას, ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებასა და საქმიანობის ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებას.