12 ნოემბერი 2026,   09:02
ვრცლად
"ქართული ოცნების" დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება - ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით დელეგაცია ქალაქ ხანგჭოუს ეწვია, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური, სამეცნიერო და ბიზნეს ჰაბია

"ქართული ოცნების" დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკა სამხარაძის ხელმძღვანელობით დელეგაციამ გადაინაცვლა ქალაქ ხანგჭოუში, ჭეძიანგის პროვინციაში. აღნიშნული ქალაქი და პროვინცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი ტექნოლოგიური, სამეცნიერო და ბიზნეს ჰაბია, სადაც ოპერირებს არაერთი მსხვილი კომპანია, მათ შორის ხანგჭოუშია განთავსებული გიგანტი ჩინური კომპანია "ალიბაბა". 

ქალაქის მერიისა და ისტორიული ჩაის მუზეუმის მონახულების შემდეგ ნიკა სამხარაძის ხელმძღვანელობით "ქართული ოცნების" დელეგაციამ შეხვედრა გამართა ჭაო კუანგძუნთან, რომელიც არის ჭეძიანგის პროვინციის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. 

"მოხარული ვარ გიმასპინძლოთ ჩვენს მეგობარ ქართველებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთ გამორჩეულ - ჭეძიანგის პროვინციაში. მოხარული ვარ, რომ ქართულ/ჩინური ურთიერთობები დღითიდღე ღრმავდება და ბევრად უფრო საქმიან და სერიოზულ სახეს იღებს. ამ პროგრესში დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი შეხვედრაც, რადგან გვაქვს სრული მზაობა ვითანამშრომლოთ არა მხოლოდ მთავრობათა შორის, არამედ ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე და ჩვენი პარტნიორობა გავხადოთ ბევრად უფრო მტკიცე. ჩვენი კარი თქვენთვის არის მუდამ ღია - შეგიძლიათ აითვისოთ და გამოიყენოთ ის მიღწევები და შესაძლებლობები, რასაც იძლევა ჩვენი ქალაქი და პროვინცია. მე, როგორც ერთი ადამიანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველობით სისტემაში, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი ხალხების ინტეგრაცია მაღალ საფეხურზე ავიდეს. პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერება კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ქვეყნებს, მზად ვარ ვისაუბროთ და გადავწყვიტოთ კონკრეტული საკითხები ჩვენი პარტნიორული ურთიერთობის ფარგლებში", - განაცხადა ჭაო კუანგძუნმა. 

ნიკოლოზ სამხარაძემ მასპინძელ მხარეს გამოცდილების გაზიარებისა და გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველო-ჩინეთს შორის პოლიტიკური თუ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

"მადლობას გიხდით ასეთი გულთბილი დახვედრისთვის. საქართველო ძალიან აფასებს თქვენი მხრიდან გამოხატულ მეგობრობას, გვინდა კიდევ უფრო ძლიერი გავხადოთ ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები. ჩვენი ქვეყანა არის ერთ-ერთი წამყვანი მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის ტემპით და ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი ინვესტიციებისთვის. ჩვენ ვაძლიერებთ ყურადღებას ტექნოლოგიური და IT სფეროს განვითარების მიმართულებით, ამ კუთხით ჩვენი თანამშრომლობა საინტერესო იქნება ორივე მხარისათვის. შეგვიძლია განვიხილოთ ქალაქ ხანგჭოუს დამეგობრება საქართველოს რომელიმე ქალაქთან, რაც გააღრმავებს ჩინურ/ქართულ ურთიერთობებს ადგილობრივი მთავრობების დონეზე. საინტერესოა თქვენი გამოცდილება თვითმმართველობის მართვის სისტემებთან დაკავშირებით, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ღირსეული, თანასწორი პარტნიორობისთვის და გულითადი მეგობრობისთვის " - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დღის ამბები