12 ნოემბერი 2026,   00:52
ვრცლად
პრემიერი: ეკონომიკური თვალსაზრისით ევროპა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, რაც მნიშვნელოვანწილად ევროპის სივრცეში მიმდინარე ომებსაც უკავშირდება, მიუხედავად ამისა, ჩვენ კვლავაც გვსურს, ტრადიციული ევროპის ნაწილი ვიყოთ

ჩვენთვის ტრადიციული ევროპა, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, სწორედ ის სივრცეა, რომლის ნაწილად ყოფნაც გვსურს. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ევროპაში გარკვეულ უარყოფით ტენდენციებსაც ვაკვირდებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ევროპაში არსებულ უარყოფით ტენდენციებზე ეკონომიკასთან დაკავშირებით. 

"ჩვენთვის ტრადიციული ევროპა, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, სწორედ ის სივრცეა, რომლის ნაწილად ყოფნაც გვსურს. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ევროპაში გარკვეულ უარყოფით ტენდენციებსაც ვაკვირდებით. ეს ტენდენციები ეკონომიკასაც უკავშირდება. 2008 წლამდე ევროპა საკმაოდ სწრაფი ეკონომიკური ზრდით გამოირჩეოდა. იყო წლები, როდესაც ეკონომიკური ზრდის ტემპი განსაკუთრებით მაღალი იყო. 2008 წლისთვის ევროპის ეკონომიკის ნომინალურმა მოცულობამ, გაერთიანებული სამეფოს ჩათვლით, დაახლოებით 19 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია. დღეს კი, თუ ევროპის ნომინალურ მთლიან შიდა პროდუქტს გადავხედავთ, ის დაახლოებით 20-21,5 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ეს მაჩვენებლები თითქმის იდენტურია. ამასთან, საუბარია ნომინალურ მთლიან შიდა პროდუქტზე, რომელიც ინფლაციის გავლენასაც ასახავს. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით ევროპა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, რაც მნიშვნელოვანწილად ევროპის სივრცეში მიმდინარე ომებსაც უკავშირდება. მიუხედავად ამისა, ჩვენ კვლავაც გვსურს, ტრადიციული ევროპის ნაწილი ვიყოთ.

ისტორიულად ევროპას საერთაშორისო პოლიტიკის სხვა წამყვან აქტორებთან შედარებით გარკვეული განსაკუთრებული უპირატესობები ჰქონდა. ერთ-ერთი უმთავრესი უპირატესობა იყო ეკონომიკური კეთილდღეობა და ძლიერი ეკონომიკა. ევროპა მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკური ძალა იყო. თუ 2008 წლის მონაცემებით ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ნომინალურ მთლიან შიდა პროდუქტს შევადარებთ, დავინახავთ, რომ პირველ ადგილზე სწორედ ევროპა იყო. ევროკავშირი მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკას წარმოადგენდა. დღეს კი სრულიად განსხვავებული სურათი გვაქვს. ევროკავშირის ნომინალური მშპ დაახლოებით 21,5 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს, ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა კი, ვფიქრობ, 30 ტრილიონ დოლარს აღემატება. შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატები ამ მაჩვენებლით ევროპას მნიშვნელოვნად უსწრებს.

რაც შეეხება ჩინეთს, მისი ეკონომიკის მოცულობა დაახლოებით 20 ტრილიონ დოლარს შეადგენს, რაც ევროკავშირის მაჩვენებელთან თითქმის გათანაბრებულია. ამ მონაცემებიდან ნათლად ჩანს, რა ეკონომიკური ტენდენციები ვითარდება ევროპაში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენციები შეიცვლება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები