"ჩვენ თუ ევროკავშირში მივედით და იქ საბჭოთა კავშირი დაგხვდა, ეს არ გვინდა, ამიტომ საჭიროა რეაგირებაც, მკაცრი განცხადებებიც და ვპასუხობთ მათ", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირისა და ელჩების მიერ საქართველოსთან მიმართებით გახშირებული კრიტიკის შესახებ განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მმართველი გუნდი ევროკავშირის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს და ამას საქართველოზე თავდასხმად აფასებს.
"ვისმენთ ცინიკურ განცხადებებს - საქართველოს ხელისუფლებას ემიჯნებიან და ქართველ ხალხზე საუბრობენ. ტიპური კოლონიალისტური განცხადებებია, რომ ქართველ ხალხს ეხმარებიან, გვერდში უდგანან და ხელისუფლებას - არა. ეს არის კოლონიალისტური სტილის განცხადება.
როდესაც სივრცეში, საითაც ვისწრაფვით, ვხედავთ ცივილიზაციურ უკუსვლას, რა თქმა უნდა, ჩვენ აქ ხმამაღალი ვართ, რადგან აქ გვინდა ყოფნა. ჩვენ თუ ევროკავშირში მივედით და იქ საბჭოთა კავშირი დაგხვდა, ეს არ გვინდა, ამიტომ საჭიროა რეაგირებაც, მკაცრი განცხადებებიც და ვპასუხობთ მათ.
რამდენჯერაც არის უსამართლო თავდასხმა საქართველოზე, ჩვენ ყოველთვის ვპასუხობთ. ჩვენი მხრიდან განცხადებების ინიცირება არ ხდება. ეს არის თავდასხმა მათი მხრიდან და ეს არის ჩვენი პასუხი.
აბა, რა ჰგონიათ? გამოვა ბატონო ჰერჩინსკი, როგორც გუშინ და დამრიგებლური ტონით გვესაუბრება, თითქოს საბჭოთა კავშირში ვიყოთ და ის იყოს მოსკოვიდან დანიშნული ცეკას მეორე მდივანი, რომელმაც ნატაციები უნდა გვიკითხოს და ჭკუა გვარიგოს - ამას არ მიიღებს არც ჩვენი ხალხი და არც ჩვენი დამოუკიდებლობის ღირსება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.