"სირცხვილია, როდესაც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა შუა საუკუნეების ღირებულებამდე დაეშვა და მოიცილა ყველაფერი საერთოდ, რაც გულისხმობს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემას, სახელმწიფოს პატივისცემას, შიდა საქმეებში ჩაურევლობას", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ევროკავშირს უმწიფარი საგარეო პოლიტიკა აქვს.
"დაკნინებულია ევროკავშირის როლი, როგორც გლობალური მოთამაშის, ეს არის სწორედ ევროკავშირის უმწიფარი საგარეო პოლიტიკის შედეგი. ის, რასაც კაია კალასი აკეთებს, ამის შედეგია ზუსტად, რომ არავინ სერიოზულად არ აღიქვამს ევროკავშირს, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას ითხოვენ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და არავინ არ სვამს ამ მაგიდასთან, მაშინ, როდესაც ეკონომიკურად და მოსახლეობით მნიშვნელოვანი მოთამაშე უნდა იყოს, სინამდვილეში ეს ასე არ არის, ეს იმიტომ, რომ ეს არის უმწიფარი პოლიტიკის შედეგი.
ვნახე ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება, რომ ოცდათვრამეტი მილიონი ევროს დაფინანსებას გამოვყოფთო და არა სახელმწიფოს, არამედ ხალხს პირდაპირ დავეხმარებითო. მე მინდა ყველამ სერიოზულად გავიაზროთ, რა გვითხრა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამ, რომ მას სურს ჰქონდეს პირდაპირი ურთიერთობა ხალხთან და არა სახელმწიფოსთან.
ევროკავშირის წარმომადგენლობამ ამით ფაქტობრივად გვითხრა, რომ იგი აუქმებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ჩვენ გვაცხადებს პირველყოფილ თემურ წყობილებად, როდესაც არ არსებობს სახელმწიფო, არ არსებობს წარმომადგენლობა და ესენი ასე პირდაპირ ვიღაცას უნდა ეკონტაქტებოდნენ. ეს არის აბსოლუტური სამარცხვინო პოზიცია, რომელიც რუსეთის საქართველოს მიმართ პოლიტიკასთან შედარებითაც კი არის სამარცხვინო იმ მხრივ, რომ აუქმებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ფაქტობრივად გვიცხადებს, რომ ევროკავშირის თვალში საქართველო არის პირველყოფილი თემური წყობილება, სადაც სხვადასხვა თემებთან უნდა ჰქონდეს ურთიერთობა ევროკავშირის წარმომადგენლობას.
სირცხვილია, როდესაც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა შუა საუკუნეების ღირებულებამდე დაეშვა და მოიცილა ყველაფერი საერთოდ, რაც გულისხმობს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემას, სახელმწიფოს პატივისცემას, შიდა საქმეებში ჩაურევლობას და საერთოდ, რაზეც იღვაწა ამდენმა ქვეყანამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომ საერთაშორისო წესრიგი დაფუძნებულიყო, ყველაფერს ხაზი გადაუსვა ევროკავშირის წარმომადგენლობის ამ ერთმა განცხადებამ, რომელმაც გაგვიუქმა სახელმწიფოებრიობა, გამოგვაცხადა პირველყოფილ თემურ წყობილებად, ალბათ ახლა ეგზარქოსსაც დაგვინიშნავენ, რომელმაც უნდა მართოს საქართველო და გადაწყვეტილება მიიღოს. სირცხვილია და ეს სირცხვილი რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოირეცხოს ევროკავშირმა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.